• Geo
  • Eng
15.12.2012
თფფ–მ საუკეთესოდ დიანამოელები აღიარა

თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიციული, წლის შემაჯამებელი გამოკითხვა დაასრულა. სამიდან ორ ნომინაციაში საუკეთესოდ დინამოელები დასახელდნენ. 2012 წლის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობისა და საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრების თავკაცი, ვასილ მაისურაძე დასახელდა. თფფ–ს გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით წლის საუკეთესოდ დინამოს აკადემიის 14–წლამდელთა გუნდი იქნა აღიარებული.

ვასილ მაისურაძე – სასიამოვნოა, როდესაც შრომა გიფასდება. შემიძლია ვთქვა, რომ ეს წელი ჩემთვის წარმატებული იყო. ერთობლივი მუშაობით წარმატებას მივაღწიეთ სანაკრებო დონეზე, დინამოს დუბლშემადგენლობის გამოსვლასაც მთლიანობაში ნაყოფიერად შევაფასებ, პირველ ადგილზე ვართ და ეს ყველაფერი მარტო ჩემი წარმატება არ არის. ადრეც მითქვამს და ახლაც განვმეორდები, ჩვენ ყველანი ქართულ ფეხბურთს ვემსახურებით და თითოეული ჩვენგანის წარმატება ქართული ფეხბურთის წარმატებაა.

ლევან გვანცელაძე (დინამო თბილისის აკადემიის U14 გუნდის მთ. მწვრთნელი) – მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რომლებიც  ჩვენი აკადემიის U14 გუნდთან ერთად მუშაობენ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობასა და კოორდინატორებს. სასიამოვნოა ეს აღიარება – ჩვენთვის, განსაკუთრებით კი ფეხბურთელებისთვის ეს დიდი სტიმულია. ჩვენი მთავარი დანიშნულებაა, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფიდან მომავალში დინამოს პირველ გუნდს წარმატებული და პროფესიონალებად ჩამოყალიბებული ფეხბურთელები მივაწოდოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024