• Geo
  • Eng
17.12.2012
დინამო არენის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული კვების ობიექტი გაიხსნა

დინამო არენის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული კვების ობიექტი გაიხსნა. GSN – ქართველ სპორტსმენებს ამერიკასა და ინგლისში დამზადებული კვებითი დანამატებით მოამარაგებს. დღევანდელ პრეზენტაციას ცნობილ ქართველ მოჭიდავეებთან, რაგბისტებთან და სხვა სახეობის სპორტსმენებთან ერთად დინამოს ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო მუნიოსი და ჩვენი გუნდის ათიანი, გიორგი მერებაშვილი ესწრებოდნენ.

გიორგი ფიფია – გვსურს, რომ ჩვენი პროექტი თბილისის მასშტაბებს გასცდეს და მთელი საქართველო მოიცვას. წლის ბოლოს ასეთივე მაღაზია გაიხსნება ქუთაისში. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სახალხო აფთიაქთან. ჩვენს პროდუქციას აქტიურად მოიხმარენ ფეხბურთელები, კალათბურთელები, მოჭიდავეები. რაგბის კლუბ ჯიქებთან კი ოფიციალური პარტნიორობაც გვაკავშირებს. ჩვენს ქსელში ძირითადად ამერიკული და ინგლისური პროდუქცია გაიყიდება და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ჩისკო – ასეთი მაღაზიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. კვებითი დანამატები და სწორი ვარჯიში ნებისმიერ სპორტსმენს დიდ დახმარებას უწევს. ძალიან კარგი ინიციატივაა ასეთი მაღაზიის გახსნა და დარწმუნებული ვარ  ბევრი სპორტსმენი დაინტერესდება ამით.

გიორგი მერებაშვილი – კარგია, რომ ასეთი მაღაზია გაიხსნა. სპორტული ცხოვრება დიდი სისწრაფეებით ვითარდება. ფეხბურთელებს ხშირად ყოველ მეოთხე დღეს გვიწევს ასპარეზობა და თამაშიდან – თამაშამდე ორგანიზმი დამატებითი მინერალების გარეშე აღდგენას ფაქტობრივად ვერ მოახერხებს. პროტეინების მიღება არამარტო სპორტსმენებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის სასარგებლოა, ვინაიდან იგი ძალიან ბევრი სასარგებლო ვიტამინს შეიცავს.

ბიძინა სამხარაძე – ნებისმიერი სპორტსმენისთვის საჭიროა პროტეინების მიღება. სასიხარულოა, რომ ამიერიდან ასეთი ტიპის მაღაზია საქართველოშიც იქნება. ქართველ სპორტსმენთა ძირითადი ნაწილი ყოველგვარი გარანტიების გარეშე მსგავს პროდუქტს უცხოეთიდან იწერდა, ახლა კი უშუალოდ დედაქალაქის ცენტრში შეგვიძლია შესაბამის მაღაზიაში მოსვლა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024