დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელად– გიორგი მინაშვილი დაინიშნა. 31 წლის გიორგი მინაშვილი სამწვრთნელო განათლებას 2005 წლიდან ეუფლება ინგლისში. მან წარმატებით გაიარა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში არსებული სამწვრთნელო ლიცენზირების კურსები და უეფას A ლიცენზიის მფლობელია. გიორგი მინაშვილი 2008 წლიდან დღემდე, ლონდონის კრისტალ პალასის საფეხბურთო აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
გიორგი მინაშვილი- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დინამოს საფეხბურთო სკოლაში ვვარჯიშობდი და დინამოელად ვთვლი თავს, მითუმეტეს, რომ მამა წლების მანძილზე იცავდა დინამოს ღირსებას. მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც ჩვენი გუნდის დიდი წარმატებების შესახებ სამწუხაროდ მხოლოდ მონათხრობით ვიცით. იმ პერიოდში დინამოში საუკეთესოთა შორის საუკეთესოები თამაშობდნენ და ასე უნდა იყოს მომავალშიც. მდიდარი ტრადიციებიდან გამომდინარე დინამო ქართული ფეხბურთის სახეა. როდესაც ეს შემოთავაზება მივიღე ბევრი არ მიფიქრია, დავტოვე ინგლისი და სამშობლოში დავბრუნდი. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ქართული ფეხბურთის განვითარების და დინამოს სერიოზული პროგრესის თანამონაწილე გავხდე.