• Geo
  • Eng
14.08.2011
დინამო ლიდერია

დინამოს ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან დაბრუნებული ჯაბა ჯიღაური და ნიკა კვეკევსკირი აკლდა. ალექს გარსიამ მათ დასვენების საშუალება მისცა. სამაგიეროდ ჩვენს გუნდში დებიუტი ჰქონდა ბასკ ახალწვეულს მიკელ ალვაროს. ნუმანსიას ყოფილმა ნახევარმცველმა პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში. ვიტ ჯორჯია დინამოსთვის ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო. ამ მატჩში კი დინამოელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. უკვე მე-4 წუთზე ჩისკო-ოდიკაძე-ალვაროს კომბინაცია კოშკაძის ოდნავ არაზუსტი, მაგრამ ზალიან სახიფათო დარტყმით დასრულდა. მე-10 წუთზე ჩვენი კაპიტნის დარტყმული ბურთი მცველებმა მოიგერიეს. ზუსტად 1 წუთში კი ძაძამიამ აუღო ალვაროს. 5 წუთში ბასკი უკვე ჩისკო კარგი პასის შემდეგ ურტყამს, მაგრამ არაზუსტად. ძაძამიამ რამდენიმე ეპიზოდში აშკარა გოლისგან იხსნა კარი, როდესაც ჩისკოს და იაგუეს აუღო. პირველი ტაიმის მიწურულს კი გვერდითი მსაჯი შეცდა, როცა ჩისკოზე თამაშგარე დააფიქსირა, რომელიც არ ყოფილა. მიუხედავად სრული სათამაშო უპირატესობისა, პირველ ნახევარში დინამომ მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა.
მეორე ნახევარიც დაახლოვებით მსგავსი სცენარით წარიმართა. მასპინზლები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ მეტოქეზე და პირველი გოლიც შედგა. 59-ე წუთზე კოშკაძის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ კაკუბავამ ბოლომდე იბრზოლა და ახლო მანძილიდან გაუტანა მთელი თამაშის მანძილზე საიმედოდ მოთამაშე ძაძამიას. მეორე გოლის შესახებ უკვე მოგახსენეთ. დინამომ დამსახურებულად მოიგო და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, რომელმაც ჩვენი გუნდი ერთპიროვნულ ლიდერად აქცია. მიუხედავად უხარისხო მინდვრის საფარისა და მჭიდრო სათამაშო გრაფიკისა დინამოელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მთელი ყურადღებით გუნდი მომავალი, პრინციპული ათენური მატჩისთვის ემზადება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024