საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წლის შემაჯამებელ გამოკითხვას ატარებს. გამოკითხვაში უმაღლესი ლიგის თორმეტივე გუნდის მწვრთნელებთან და კაპიტნებთან ერთად, სპორტული ჟურნალისტებიც იღებენ მონაწილეობას. ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ქართველი ლეგიონერი და ახალგაზრდა მოთამაშე 26 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ახლადგახსნილ სპორტკაფეში დასახელდება.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან ყველაზე მეტი ნომინანტით დინამო თბილისი იყო წარმოდგენილი. უმაღლესი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარდგენილი 30 ფეხბურთელიდან 5 დინამოელი არის – ჩისკო, გიორგი ლორია, ჯაბა დვალი, გიორგი მერებაშვილი და მიკელ ალვარო. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტებად კი გიორგი პაპუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი, ოთარ კაკაბაძე და ლაშა პარუნაშვილი იქნენ დასახელებულნი.