• Geo
  • Eng
23.11.2012
მიკელ ალვარო: მანქანას 3 სარკე აქვს, მაგრამ თბილისში 6 მჭირდება...

15 მატჩი და 9 გოლი - ასეთია მიკელ ალვაროს სტატისტიკური მონაგარი საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში.

ესპანელი ნახევარმცველი "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფიგურაა და თავს მოედნის ცენტრში დამაჯერებელი თამაშის გარდა, ბომბარდირული მონაცემებითაც გვამახსოვრებს.

დღეს ალვარო "ლელოს" რესპონდენტია და მის ქართულ საფეხბურთო თუ სხვა შთაბეჭდილებებს გაგაცნობთ.

"დინამოს" 29 წლის ესპანელ, უფრო კონკრეტულად კი, ბასკ ნახევარმცველს თავდაპირველად იმის გახსენება ვთხოვეთ, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში.

"საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ის მახსოვდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბილბაოს "ატლეტიკი" თბილისის "დინამოს" შეხვდა.

გადაწყვეტილება უცებ არ მიმიღია, მაგრამ როცა ამიხსნეს, რომ კლუბს ამბიციური პროექტები ჰქონდა, გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა და არც მინანია.

ჩემი ჩამოსვლის მომენტში "დინამოში" უკვე თამაშობდნენ ესპანელები, მწვრთნელი ალექს
გარსია იყო და ყოველივე ამან უცხო გარემოსთან უცებ ადაპტაციის საშუალება მომცა.

ბუნებრივია, აქაურობასთან შეგუებაში ძალიან დამეხმარნენ ქართველი თანაგუნდელები, კლუბის ხელმძღვანელობა და "დინამოს" ერთგული გულშემატკივრები".


"დინამომ" წინა სეზონი წარუმატებლად ჩაატარა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა, რასაც ალვარო ასე ხსნის:

"ყველას გვქონდა იმის იმედი, რომ საქართველოს ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა.

მწვრთნელებისა და ძირითადი შემადგენლობის ხშირმა ცვლამ სტაბილურ თამაშამდე ვერ მიგვიყვანა. ფაქტია, რომ ალექს გარსიას ფილოსოფიამ არ გაამართლა. "ბარსელონას" ფეხბურთი ბრწყინვალე რამ არის, მაგრამ ასე რომ ითამაშო, შემადგენლობაში მესი, ჩავი და ინიესტა უნდა გყავდეს.

შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ გარსიას მაინც ეჩვენებინა შედეგი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და წარსულის გახსენებას აზრი აღარც აქვს, წინ უნდა ვიყუროთ და უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლოთ".


გარსიას წასვლის შემდეგ ალვაროს საქმეები არცთუ სახარბიელოდ წავიდა - ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.

"ტრავმა მქონდა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ თამაში ნაკლებად მიწევდა. არ ვიცი, იმდროინდელ მწვრთნელს ჩემი თამაში არ ჰქონდა ნანახი თუ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ იმ პერიოდში "დინამოსთვის" ნაკლებად საჭირო ფეხბურთელი ვიყავი", - იხსენებს ალვარო.

დიდი იმედი აქვს, რომ "დინამოში" საუკეთესო მატჩები ჯერ კიდევ წინ აქვს, განვლილი შეხვედრებიდან საუკეთესოდ კი, სხვათა შორის, არა ამ სეზონის, არამედ წინა ჩემპიონატში ჩატარებულ თამაშს მიიჩნევს. ეს "დინამო"-"ტორპედოა" - დედაქალაქელებმა ქუთაისელებს გარსიას ხელმძღვანელობით 2:0 სძლიეს. ალვაროსთვის სწორედ ეს არის საუკეთესო მოგონება, იმის მიუხედავად, რომ იმ დღეს მოედანი უგოლოდ დატოვა.

წინასგან განსხვავებით, მისთვისაც და "დინამოსთვისაც" მიმდინარე სეზონი შთამბეჭდავად მიმდინარეობს:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც და ჩემი გუნდიც ასე წარმატებულად ვთამაშობთ. "დინამო" ეფექტურ და შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს, რაც თითოეული ჩვენგანისა და, რაღა თქმა უნდა, ახალი მწვრთნელის დამსახურებაა.

ჩემთვის გოლების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც მოხარული ვარ, რომ ბომბარდირთა შორის ვარ და ჩემს ანგარიშზე უკვე ცხრა გატანილი ბურთია.

წინა სეზ
ნში შვიდი გოლი გავიტანე, ამ მაჩვენებელს კი უკვე გადავაჭარბე და ჩემს დინამოელ მეგობრებს დიდი სიამოვნებით გავეჯიბრები საუკეთესო ბომბარდირობაში.

თუმცა ეს მაინც მეორე პლანზეა, უმთავრესი კი, ბუნებრივია, საქართველოს ჩემპიონობაა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლა. ეს ჩემთვისაც და ჩემი თანაგუნდელებისთვისაც უდიდესი გამოწვევაა".


ალვაროს მომავალზე საუბარი ჯერ არ სურს, თუმცა იმასაც გვიმხელს, რომ უცხოეთიდან საინტერესო შემოთავაზებები აქვს. ამ სეზონს აუცილებლად "დინამოში" ჩაამთავრებს და ევროტურნირებზეც მოსინჯავს ძალებს. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

საქართველოს ჩემპიონატის დონეს დამაკმაყოფილებლად აფასებს, წამყვანი ქართული კლუბების თამაში კი მოსწონს. მოხარულია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "დინამოს" კონკურენტები არ აკლია. გული კი იმაზე სწყდება, რომ სტადიონებზე ცოტა მაყურებელი დადის და ისიც შეუნიშნავს, რომ პუბლიკის დიდი ნაწილი ფეხბურთელების ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან შედგება.

ყველაზე დიდი შოკი კი საქართველოს რამდენიმე ქალაქში უხარისხო მოედნის ნახვისგან მიიღო. ამბობს, რომ მსგავსი საშინელება ცხოვრებაში არასდროს უნახავს.

ხშირად ეკითხებიან აზრს ბასკებისა და ქართველების ნათესაობაზე და ამ აზრს ნახევრად ეთანხმება. ხუმრობით პასუხობს, რომ ქართველები კი არ არიან ბასკების წინაპრები, არამედ პირიქით.

ალვარო ბილბაოშია დაბადებული და "ატლეტიკის" დიდი ქომაგია. ჰყავს მშობლები, ძმა და მეუღლე. "დინამოს" ყველა ესპანელი ლეგიონერი დაოჯახებულია და თავისუფალ დროს ერთმანეთთან სტუმრიანობასა და ქალაქში სეირნობაში ატარებენ.

ალვარო ქართველ თანაგუნდელებთანაც ძალიან მეგობრობს და მათთან ერთად სიამოვნებით აგემოვნებს ქართულ სამზარეულოს. ღვინის მოყვარული არ არის, კერძებიდან კი ყველაზე მეტად ხაჭაპური და ქაბაბი უყვარს.

თბილისს იოლად შეეგუა, თუმცა მანქანით გადაადგილება თავიდან გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა:

"თბილისის ქუჩებში ისეთი მოძრაობაა, მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ავტომობილს სამი სარკე აქვს, მაგრამ აქ ექვსი სჭირდება. მანქანაზე უარი მაინც არ მითქვამს და აქაურ მოძრაობასაც ნელ-ნელა შევეჩვიე".

ალვაროს ბოლოს კომენტარი "დილასთან" 24 ნოემბერს გასამართ მატჩზე ვთხოვეთ:

"ფაქტია, რომ განსაკუთრებული შეხვედრაა, რომელიც ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებულს გამოავლენს. მეტოქე ჩვენს დიდ პატივისცემას იმსახურებს, რადგანაც ზედიზედ თერთმეტი მატჩი მოიგო.

"დილამ" ჩვენც დაგვამარცხა, ახლა კი რევანშის დროა.

იმის მიუხედავად, რომ ლიდერები ვართ, ფრე არ დაგვაკმაყოფილებს, მიზნად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ. საბრძოლოდ ვართ დამუხტულები და იმის იმედიც გვაქვს, რომ "დინამო არენაზე" ჩვეულზე ბევრად მეტი მაყურებელი მოვა".



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტორი  :  ლევან ჯანეზაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024