დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა ბენდელას თასის გათამაშებაზე თანატოლებთან ჭიდილში იმარჯვა. სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე ნათამაშებ 6 მატჩში 35 გოლი გაიტანა, საპასუხოდ კი მხოლოდ 2 მიიღო. ფინალურ შეხვედრაში მოზარდმა დინამოელებმა საბურთალო 1–ს დამაჯერებელი ანგარიშით – 4:1 სძლიეს. ტურნირის საუკეთესო მცველი დინამოელი, ზუკა ჭავჭანიძე გახდა, გამორჩეული ნახევარმცველის პრიზი გიორგი მოისწრაფიშვილს ერგო, თავდამსხმელთათვის განკუთვნილი ჯილდო კი ასევე დინამოს აკადემიის აღსაზრდელს, ლუკა ბოგვერაძემ მიიღო. მაყურებლის სიმპატიათ დინამოს 2001 წელს დაბადებლთა გუნდის მოთამაშე, ზუკა დავითაშვილი დასახელდა.
სულიკო დავითაშვილი (დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდის მთავარი მწვრთნელი) – ჩვენმა გუნდმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ელიტ ლიგის მეორე საფეხურზე დაასრულა, სადაც ჩემს ბიჭებს ერთი წლით უფროს ფეხბურთელებთან უწევთ თამაში. ერთადერთი წაგება გვაქვს და ისიც ჩვენივე აკადემიის უფროსი ასაკის გუნდთან. 2012 წლის უკანასკნელი შეხვედრაც მოვიგეთ და ბენდელას თასი დავისაკუთრეთ. პატარა ფეხბურთელებისთვის განსხვავებული ფორმატის ტურნირზე გადართვა რთული აღმოცნდა, თუმცა ეს ბარიერიც დავძლიეთ, გვსურდა ჩვენს მოთამაშეებს ფსიქოლოგიური ბარიერი გადაელახათ და თანატოლებთანაც იგივე შემართებით ეთამაშათ. თავდადებული თამაშისთვის ჩემს ბიჭებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე კი წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა ასაკობრივ გუნდს, რომელიც დინამო თბილისის ემბლემით ასპარეზობს.