• Geo
  • Eng
23.01.2013
პირველი სპარინგი თურქეთში

ანთალიურ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა დღეს პირველი სპარინგი გამართეს. შეკრების მეორე დღეს მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, დუშან უჰრინის გუნდი ყაზახეთის ჩემპიონთან -- ყარაგანდის შახტიორთან მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაში არ უთამაშიათ ჩისკოს, გიორგი სეთურიძეს, ნიკა დიასამიძეს, ლევან ტყეშელაშვილს, გიორგი პაპავას და გივი კვარაცხელიას. ჩვენი გუნდის თავკაცი შახტიორთან მატჩში სინჯებზე მყოფ რამდენიმე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელს აკვირდებოდა. მოსამზადებელი ეტაპის პირველ შეხვედრაში მონაწილეობა დინამოში სინჯებზე მყოფმა ემანუელ მენდიმ, ალექსანდრ რადოვანოვიჩმა და დიეგო მალანიამ მიიღეს.

სენეგალელი 22 წლის მცველი, ემანუელ მენდი 2009 წლიდან 2012 წლამდე პრემიერლიგური ლივერპულის სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა. მერსესაიდელთა 21-წლამდელთა გუნდში აფრიკელმა ფეხბურთელმა 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო  19 წლის სერბმა მცველმა ალექსანდრ რადოვანოვიჩმა. მისი უკანასკნელი კლუბი სერბული მაჩვა საბაჩი იყო, რომლის შემადგენლობაშიც 30-ზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რუსეთის მეორე ლიგის ზნამია ტრუდაში მოთამაშე დიეგო მალანია ამპლუით მცველია,  რომელსაც თანაბრად შეუძლია მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე თამაში. 21 წლის ფეხბურთელმა უკანასკნელ სამ სეზონში 75 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლის გატანაც მოახერხა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში დიეგო ზნამია ტრუდას სასტარტო შემადგენლობაში 14-ჯერ გამოჩნდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024