• Geo
  • Eng
22.01.2013
პირველი სპარინგი ყარაგანდის შახტიორთან

თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამოელები მოსამზადებელი ეტაპის პირველ სპარინგ მატჩს ყახაზეთის უკანასკნელი ჩემპიონატის გამარჯვებულთან, ყარაგანდის შახტიორთან გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

1958 წელს დაარსებული შახტიორის ძირითადი საკლუბო ფერები შავ–თეთრი და ნარინჯისფერი არის. ყარაგანდელები საშინაო შეხვედრებს სტადიონ შახტიორზე მართავენ, რომელიც 19 000 მაყურებელს იტევს.

ყარაგანდის შახტიორმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების გათამაშებაში 34–ჯერ მიიღო მონაწილეობა, აქედან 16 სეზონი პირველ ლიგაში გაატარა, 18 კი მეორე ლიგაში.

ყაზახური პრემიერლიგის ოცწლიან ისტორიაში სულ ორი გუნდია (პავლოდარის ირტიში და ყარაგანდის შახტიორი), რომელთაც უმაღლესი ლიგა არასდროს დაუტოვებიათ. ჩვენი მომავალმა სპარინგ–მეტოქემ 2011 და 2012 წლებში ყაზახეთის ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ მოგება მოახერხა.  მეტოქის რიგებში შვიდი ლეგიონერი ირიცხება, აქედან სამი ბოსნიის წარმომადგენელი არის.

ევროპულ ასპარეზზე ყაზახური გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი 2011/2012 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც შახტიორმა უეფას ევროპის ლიგის პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპებზე ითამაშა. გასულ წელს კი ყარაგანდელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთნენ, სადაც სლოვანის ლიბერეცთან ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდნენ.

ყარაგანდის შახტიორი მეორე შეკრებაზე თურქეთში 3 იანვრიდან იმყოფება. ყაზახეთის საუკეთესო გუნდმა ანთალიაში რამდენიმე სპარინგი გამართა, მათ შორის მეორე ბუნდესლიგის ზანდჰაუზენთან და 2:4 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024