• Geo
  • Eng
28.01.2013
მესამე მეტოქე – მარიუპოლის ილიჩევეცი

თურქეთში მყოფი დინამოელები სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას განაგრძობენ. პირველ ანთალიურ შეკრებაზე ჩვენი გუნდი ბოლო, რიგით მესამე სპარინგ–მატჩს უკრაინულ მარიუპოლის ილიჩევეცთან გამართავს.

 

მარიუპოლში ილიჩის ქარხნის ბაზაზე 1936 წელს დაარსებული საფეხბურთო კლუბი სახელწოდებას ხშირად იცვლიდა. სტალი, მეტალურგი, ავანგარდი, აზოვსტალი, აზოვეცი, მეტალურგი, ლოკომოტივი, ნოვატორი – ყველაზე დიდხანს, 1976–1999 წლების მანძილზე ილიჩევეცს ნოვატორი ერქვა, დღევანდელი სახელით კი გუნდი 2002 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდა. ჩვენი მომავალი სპარინგ მეტოქე საშინაო შეხვედრებს სტადიონ ილიჩევეცზე მართავს, რომელიც 12,680 მაყურებელს იტევს. კლუბის ტრადიციული ფერები წითელი და ლურჯია.

 

ჩვენს მომავალ სპარინგ–მეტოქეს განსაკუთრებული მიღწევები არ აქვს. უკრაინის ჩემპიონატში მარიუპოლელთა საუკეთესო მაჩვენებელი ჩემპიონატში ორჯერ დაკავებული მეოთხე პოზიცია არის. ქვეყნის თასზე ილიჩევეცის საუკეთესო მაჩვენებელი კი ნახევარფინალურ  ეტაპზე ჩატარებული მატჩებია.

 

ევროპულ საკლუბო ტურნირებში ილიჩევეცმა ერთადერთხელ, 2004/2005 წლების სეზონში მიიღო მონაწილეობა. ფეარ ფლეის პრინციპით უეფას თასზე მოხვედრილი უკრაინული კლუბი გათამაშებას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.

 

აღსანიშნავია, რომ ილიჩევეცის შემადგენლობაში ოთხი ლეგიონერი ირიცხება, აქედან სამი კი ქართველია – გიორგი ჯგერენაია, დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024