• Geo
  • Eng
06.02.2013
მომდევნო სპარინგი პერმის ამკართან

ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის დინამოელები ანთალიაში ემზადებიან. დუშან უჰრინის გუნდი ნაყოფიერი ორჯერადი ვარჯიშების პარალელურად, რიგით მეორე თურქულ შეკრებაზე, პირველ სპარინგ მატჩს 7 თებერვალს რუსული პრემიერლიგის გუნდთან - პერმის ამკართან გამართავს.

პერმში 1994 წლის 4 დეკემბერს დაარსებული ამკარის ტრადიციულ ფერებად წითელი, შავი და თეთრი ფერები ითვლება. გუნდი საშინო მატჩებს სტადიონ ზვეზდაზე მართავს, რომელიც 19 500 მაყურებელს იტევს.

ამკარის საფეხბურთო ისტორია ჯერ ორ სრულ ათეულ წელსაც არ ითვლის, თუმცა გუნდს ჰყავს რეკორდსმენები. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მცველი, ალექსეი პოპოვი არის, რომელიც დღემდე პერმის საფეხბურთო კლუბში ირიცხება - მას ამკარის მაისურით ყველაზე მეტ, 421 ოფიციალურ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. გუნდის ისტორიაში საუკეთესო გოლეადირი კი კონსტანტინ პარამონოვი არის, რომელმაც 337 თამაშში 188-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა. კონსტანტინ პანამოროვი, რომელიც წლების მანძილზე პერმის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბში თამაშობდა, 2008 წლიდან ამკარის ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

ამკარმა ეტაპობრივად განვლო რუსეთის უმაღლესი ლიგისკენ მიმავალი გზა. თავდაპირველად გუნდი რუსეთის მესამე დივიზიონში გამოდიოდა, შემდეგ იყო მეორე დივიზიონი, სადაც 1998 წელს ამკარმა გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და რუსეთის პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.  დაარსების ცხრა წლის თავზე კი ამკარმა მორიგ წარმატებას მიაღწია - გუნმა პირველ ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და 2004 წელს ელიტარულ პრემიერლიგაში ამკარის დებიუტიც შედგა. ამკარის საუკეთესო სპორტული მიღწევები 2007/2008 წლებით თარიღდება. გუნდმა პრემიერლიგა მეოთხე საფეხურზე დაასრულა, რუსეთის თასის ფინალში მოსკოვის ცსკასთან ფრედ - 2:2 დასრულებული 120 წუთის შემდეგ გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა - 1:4, თუმცა პრემიერლიგაში დაკავებული მეოთხე პოზიციამ და თასის ფინალისტობამ ამკარს ევროპულ ასპარეზზე სადებიუტო მატჩების ჩატარების საშუალება მისცა.

ამკარი ევროპა ლიგის გათამაშებაში ფლეი-ოფიდან ჩაერთო, სადაც კენჭისყრამ მეტოქედ ინგლისური ფულჰემი არგუნა. ლონდონში, ქრივენ კოტეჯზე გამართულ პირველ შეხვედრაში ამკარი ორბურთიანი სხვაობით - 1:3 დამარცხდა. საპასუხო მატჩში, რომელსაც პერმში სტადიონ ზვეზდაზე 20 000 გულშემატკივარი ადევნე თვალ-ყურს ჩვენი მომავალი სპარინგ მეტოქის გამარჯვებით - 1:0 დასრულდა, ორი მატცის ჯამში 2:3 ფულჰემის სასარგებლოდ და სწორედ ინგლისური პრემიერლიგის წარმოამდგენელმა განაგრძო ევროსეზონი.

როგორც აღვნიშნეთ, ამკარის დებიუტი რუსეთის უმაღლეს ლიგაში 2004 წელს შედგა და მას შემდეგ გუნდს პრემიერლიგა არ დაუტოვებია. რუსეთის ჩემპიონატი 9 მარტს განახლდება. ამკარი ამჟამად მეტორმეტე საფეხურზე იმყოფება და სახიფათო ზონას სამი ქულა აშორებს. განაგრძობს თუ არა ამკარი პრემიერლიგურ მოღვაწეობას მომდევნო სეზონშიც, ამას მოგვიანებით შევიტყობთ - მანამ კი ჩვენი ყურადღება  თურქეთში გასამართ ხვალინდელ სპარინგს დავუთმოთ, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024