• Geo
  • Eng
08.02.2013
მომდევნო სპარინგი ვარშავის პოლონიასთან

დინამოელები მორიგ სპარინგს პოლონეთის უმაღლესი ლიგის მესამეადგილოსან, ვარშავის პოლონიასთან გამართავენ.

1911 წლის შემოდგომაზე, ვარშავაში დაარსებული სპორტული კლუბი პოლონია ქალაქის ერთ–ერთ უძველეს გუნდად ითვლება. პოლონია საშინაო შეხვედრებს სტადიონ პოლონია ვარშავაზე მართავს, რომელიც გენერალ კაზიმერჟ სოსნოვსკის სახელს ატარებს და 6800 მაყურებელ იტევს. კლუბი ტრადიციულად შავ–თეთრ, შავ–წითელი ფერებში იმოსება.

პოლონიას ქვეყნის თასი ორჯერ აქვს მოგებული – ტიტულები 1952 და 2001 წლებით თარიღდება. ჩვენს მომავალ სპარინგ მეტოქეს პოლონეთის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული. პოლონია ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს პირველად შორეულ 1946 წელს დაეუფლა, მეორედ კი გუნდმა ანალოგიური შედეგის განმეორება 54 წლის შემდეგ მოახერხა. უკანასკნელად კი პოლონიამ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 2000 წელს მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდის არსებობის ისტორიაში 2000 წელი ყველაზე წარმატებული გამოდგა. აღნიშნულ წელს პოლონიამ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს, ლიგის თასი და სუპერ თასი მიუმატა.

ევროასპარეზზე პოლონური გუნდი პირველად 1997 წელს გამოჩნდა. ვარშავის პოლონიას ევროპული დებიუტი ინტერტოტოს თასზე შედგა. საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესო შედეგი გუნდმა 1999 წელს აჩვენა, როდესაც პოლონურმა კლუბმა ინტერტოტოს თასის ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშა. უკანასკნელად პოლონიამ ევროთასებზე 2009/2010 წლების სეზონში ითამაშა. ვარშავის გუნდი ევროპის ლიგის გათამაშებაში პირველი საკვალფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, ჰოლანდიურ ბრედასთან კი ორმატჩიან დაპირისპირებაში 1:4 დამარცხდა და ასპარეზობას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მომავალი სპარინგ მეტოქის შემადგენლობაში ცხრა ლეგიონერი ირიცხება, აქედან ერთი კი ქართველი – ვლადიმერ დვალიშვილი არის, რომელიც 2003–2005 წლებში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ირიცხებოდა.

9 თებერვალს დინამოსა და პოლონიას მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტურ რეპორტაჟს ტრადიციულად ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024