• Geo
  • Eng
01.10.2011
დინამოს ვეტერანებმა კოტე მახარაძის სახელობის დინამოს თასის გათამაშებაზე იმარჯვეს

გუშინ, 30 სექტემბერს, ირაოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე კოტე მახარაძის სახელობის დინამოს თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. ტრადიციული ტურნირში ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს დინამო თბილისის ვეტერანები და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გუნდები დაუპირისპირდნენ. დინამო თბილისისა და ასოციაცია გეორგიას მიერ მოწყობილ გათამაშება დინამოს ვეტერანი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. კოტე მახარაძის სახელობის დინამოს თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა მეტად სიმბოლური გამოდგა, ფინალში გასული გუნდები კოტე მახარაძის უკვდავ სახელს უკავშირდებიან. ერთმანეთის წინააღმდეგ ორი კოლექტივი წარსდგა: დინამო - გუნდი, რომლის ყველა დიდ წარმატებას თუ წარუმატებლობას ერთნაირად განიცდიდა და ხარობდა კოტე მახარაძე და პირველი არხი - იმ ტელევიზიის გუნდი, რომლის ეთერითაც ქართველ გულშემატკივართ 1981 წელს, ყველაზე დიდი გამარჯვება - თასების მფლობელთა თასის ფინალური შეხვედრის რეპორტაჟის მიწურულსაც აუწყა. ფინალური მატჩის დასრულებისთანავე გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყო. გამარჯვებული გუნდი ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ დააჯილდოვა. ტურნირის საუკეთესო სამ მოთამაშეს კი სამახსოვროდ დინამო თბილისის სათამაშო ეკიპირება და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ დინამოს ვეტერანთა გუნდი ტურნირის არსებობის ისტორიაში უცვლელი ჩემპიონი გახლავთ, 30 სექტემბერს კი ჩვენი ვეტერანები ზედიზედ მეორეჯერ კოტე მახარაძის სახელობის თასის გათამაშების გამარჯვებული გახდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024