ქართულ ფეხბურთში რომან ფიფიას გამოჩენამ ბევრს, განსაკუთრებით კი დინამოს მრავალრიცხოვან გულშემატკივარს იმედის საფუძველი მისცა. კლუბის პრეზიდენტმა, დინამო მაშინ ჩაიბარა, როცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა. ჩაიბარა მაშინ, როცა დინამოს იფრასტრუქურა ფაქტიურად განადგურებული და ხელახლა გასაკეთებელი იყო. ჩაიბარა მაშინ, როცა დინამოს ყველაზე მეტად უჭირდა. დინამოს ისტორიაში ახალი ეტაპი, იფრასტრუქტურის განვითარებით დაიწყო. რამდენიმე ეტაპად განსახორციელებელი სარემონტო სამუშაოები, გეგმის მიხედვით წარიმართა. პირველ ეტაპზე დაიგო მინდვრები და გაკეთდა საცხოვრებელი კორპუსი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე. დღეს დინამოელთა განკარგულებაში, ორი ბუნებრივსაფარიანი და ერთი უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანია. თავიდან ბოლომდე განახლდა საცხოვრებელი კორპუსი და უმაღლეს დონეზე გაკეთდა ფეხბურთელების ოთახები. მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა დინამო არენაზეც და უმაღლეს დონეზე გაკეთდა ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემია.
რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება და რა რაოდენობის ინვესტიცია დასჭირდა მთლიანობაში ამ სამუშაოების წარმოებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბაზა დინამოს საკუთრება გახდა. საერთო ჯამში ინფრასტრუქტურული მიმართულებით დინამოში გაღებული ინვესტიცია 40 მილიონ დოლარს აჭარბებს. ამ თანხაში შედის დინამოს საწვრთნელი ბაზა, სადაც პრაქტიკულად ყველაფერი თავიდან გაკეთდა. დღეს ჩვენს ფეხბურთელებს, საუკეთესო პირობები აქვთ შექმნილი. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რომ ბაზაზე მოსულმა ფეხბურთელმა მხოლოდ საკუთარი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იფიქროს. მოვიდეს და ბოლომდე დაიხარჯოს საწვრთნელი პროცესის დროს. გუნდი, აკადემია, სტადიონი. ეს ყველაფერი იმ უპრეცედენტო ინვესტიციის ხარჯზე გაკეთდა, რომელიც ჩვენ კლუბის განვითარებისათვის განვახორციელეთ. არსებობს ფულით გაკეთებული საქმე და ასევე გულით გაკეთებული საქმე. ამ შემთხვევაში ჩვენ გულით გაკეთებულ საქმეს, დიდი თანხა დავახარჯეთ და ინფრასტრუქტურა სრულად გავმართეთ. წამოწყებული საქმის ერთხელ და საფუძვლიანად გაკეთება ჩემი პრინციპია.
ამ ინვესტიციის ფონზე გუნდის მიმართ მოთხოვნაც შესაბამისი უნდა იყოს.
მთავარია ეს მოთხოვნები სამართლიანი იყოს. როდესაც შენ არაფერს იშურებ და ქმნი ყველა პირობას იმისათვის, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიო, ბუნებრივია ელი შედეგს და ამ მხრივ მოთხოვნების წაყენების სრული უფლებაც გაგაჩნია. ჩვენს მიერ განახლებული ინფრასტრუქტურა, აკადემიაც, აუცილებლად მოიტანს შედეგს, თუმცა ამას დრო სჭირდება. დინამო არ არის ჩვეულებრივი გუნდი, ამიტომ აქ მოხვედრილმა ყველა ფეხბურთელმა უნდა გაითავისოს ის პასუხისმგებლობა თუ რა ტრადიციებისა და ისტორიის მქონე გუნდის მაისურს ირგებს. დინომაში ნაცნობობით, მეგობრობით და ნათესაობით ვერავინ მოხვდება. ეს ის გუნდია, სადაც ადგილის დამკვიდრება მხოლოდ დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის ხარჯზეა შესაძლებელი.
დღეს დინამოში შექმნილი პირობები საქართველოში საუკეთესოა. სხვა გუნდებისგან რა განსხვავებული პირობები აქვს დინამოს.
დღეს საქართველოში ბევრ გუნდს აქვს კარგი ინფრასტრუქტურა, თუმცა დინამოს ბაზა მაინც ყველასგან განსხვავებული და გამორჩეულია. მე ვიტყოდი, რომ აქაურობა უფრო შატოს ტიპის ბაზას ჰგავს, სადაც ძალიან მყუდრო და მშვიდი გარემოა რაც მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვისაც და აქ მომუშავე პერსონალითვისაც. აქ შექმნილი ატმოსფერო, თითოეულ ადამიანში, საკუთარი საქმის იდეალურად კეთების სურვილს ბადებს. პერსონალი, რომელიც აქ მუშაობს საკუთარი საქმის პროფესიონალი, წესიერი და ღირსეული ადამიანები არიან.
რა მიზანს უსახავთ გუნდს და თვენი აზრით რის ხარჯზე უნდა მიაღწიოს წარმატებას დინამომ.
ჩვენი ამოცანა ცალსახად არის მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა. იმ მიზნებისათვის, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ფეხბურთელებში არსებული ჯანსაღი კონკურენციისა და მოტივაციის ხარჯზე. ყველა ფეხბურთელისთვის, მთავარი მოტივაცია აქ მოხვედრა და ადგილის დამკვიდრება უნდა იყოს და ყველა უნდა ათვიცნობიერებდეს იმ საშიშროებას რა შედეგიც შეიძლება მიიღოს მოტივაციის დაკარგვის შემთხვევაში. ჩვენ მიზნად მაღალი შედეგების მიღწევა გვაქვს დასახული. ამ მიზნებს კი მხოლოდ, უაღრესად მოტივირებული ფეხბურთელებით მივაღწევთ.
წინა ჩემპიონატებისგან განსხვავებით ეროვნულ პირველობაზე მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნა. გაკმაყოფილებთ თუ არა საქართველოს ჩემპიონატის დონე.
ბოლო წლებისგან განსხვავებით ჩემპიონატის დონე ამაღლდა, თუმცა წინსვლა და კიდევ უფრო განვითარება მხოლოდ იმის გამო გაჭირდება, რომ სამწუხაროდ ჩვენს ჩემპიონატში ჯერ კიდევ არიან გუნდები, რომელთაც სპონსორი არ ჰყავთ. ასეთი ვითარება, პირადად ჩვენი განვითარებისთვისაც ძალიან ცუდია. ფინანსურად ძლიერი, მინიმუმ 6 გუნდი მაინც უნდა მონაწილეობდეს უმაღლეს ლიგაში, რომ კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას. სხვაგვარად წინსვლაზე და განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.
რა ვითარებაა პრემიერლიგის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
პრემიერლიგის შექმნის ორი მცდელობა იყო. ასეთი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული პირველობა, შესაძლოა უფრო მიმზიდველი და მომგებიანი იყოს ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის. დავაყენეთ საკითხი, რადიკალური რეფორმების დასაწყებად, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩავატარეთ რამდენიმე მუშა შეხვედრა და რაც ყველაზე მთავარია, ჩამოყალიბდა თორმეტთა საბჭო. თუკი აქამდე კლუბებსა და ფედერაციას შორის კომუნიკაციის პრობლემა იყო დღეს ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, რადგან საბჭოს შექმნამ, კლუბებსა და ფედერაციას შორის ურთიერთობა უფრო ეფექტური და საქმიანი გახადა. პრემიერლიგის საკითხის წამოჭრამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საფეხბურთო წრეებში და ეს მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა მარტო პრემიერლიგის შექმნით ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება. ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს მთელი საფეხბურთო სამყარო და ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა ითამაშოს სპორტულმა მედიამ, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მათ გარეშე და ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენების ფართოდ გაშუქების გარეშე, წინსვლაზე საუბარი ზედმეტი იქნება. ერთობლივად გაწეული საქმიანობის ხარჯზე კი გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი იქნება შედეგის მიღწევა.
გაკეთდა მაღალი დონის აკადემია და სკოლა. რა მიზანს ისახავდა აკადემიის გაკეთება და რა გათვლები გაქვთ. როდის შეიძლება, რომ აკადემიის აღზრდილებმა დინამოს მაისური მოირგონ.
ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემია, რამდენიმე ფაქტორის გამო, უაღრესად მნიშვნელოვანი არამარტო წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით არის. ეს აკადემია არ ემსახურება მხოლოდ დინამოს, ფეხბურთს და ფეხბურთის განვითარებას. აკადემიის პარალელურად გაკეთდა სკოლაც, რომელიც პირველ რიგში, ახლგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მოემსახურება. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა საუკეთესო პირობები აკადემიის ფეხბურთელებისთვის და სკოლის შექმნის ხარჯზე, მიგვეცა შანსი იმ დამწყები ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე აკადემიის მიღმა დარჩნენ. ანუ, სკოლის აღსაზრდელებიც იმავე პირობებში ივარჯიშებენ, როგორშიც აკადემიის ფეხბურთელები და მათ პროგრესირების შემთხვევაში ავტომატურად მიეცემათ აკადემიაში გადასვლის საშუალება. ამით ჩვენ ვუქმნით მათ პირობას, რომ იდეალურ ატმოსფეროში გაიუმჯობესონ სათამაშო კონდიციები რაც შეუმჩნეველი არავის დარჩება.
რატომ უნდა შეაჩეროს მშობელმა არჩევანი დინამოს სკოლაზე და არა რომელიმე სხვა საფეხბურთო სკოლაზე.
ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა საუკეთესო სკოლა ყველა პარამეტრის მიხედვით. სამწუხაროდ დღეს ბავშვთა საფეხბურო სკოლებში მთავარ პრობლემას, მოედნების სიმცირე წარმოადგენს. თუკი არის მოედანი, ხშირშემთხვევაში არის უხარისხო საფარით რაც პირდაპირ კავშირშია ბავშვების ტრავმიანობასთან. აკადემიაში, უმაღლესი ხარისხის, ბოლო თაობის მინდვრებია დაგებული რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მოზარდებში, წელის, კოჭის, მუხლების, სახსრებისა და სხვა მსგავს დაავადებებს. ამის თავიდან აცილებას, ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური მწვრთნელების მიერ წარმართული საწვთნელი პროცესიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და იმ მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ, დინამოს საფეხბურთო სკოლაში შვილების მოყვანა. ეს არის აკადემია, სადაც გათვლა არა რაოდენობაზე არამედ ხარისხზე და პროცესის სწორად წარმართვაზეა გაკეთებული.
ინფრასტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა დინამო არენაზეც. რა მიზანს ემსახურება სტადიონზე ასეთი მასშტაბური სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
დინამო არენაზეც მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩავატარეთ. ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ, გადავაკეთეთ და საერთაშორისო სტანდარტებს მივუახლოვეთ. სტადიონის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, მაღალ დონეზე გაკეთდა, იზოლირებული ადგილი ოფიციალური სტუმრებისათვის. მიმდინარეობს მზადება მუზეუმისა და ფან შოპის გახსნისთვის .ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სტადიონზე მოსულმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი და ვცდილობთ, რომ მათ მიმართ ყურადღება არ შევანელოთ. ჩვენის მხრივ მათი ღვაწლისა და დამსახურების დაფასების მიზნით 35 ვეტერან ფეხბურთელს, ყოველთვიურად დავუნიშნეთ 250 ლარიანი პენსია. გვინდა, რომ დინამო არენას, ხალხი მხოლოდ თამაშების დროს არ სტუმრობდეს. ამიტომ, გავაკეთეთ სავაჭრო ცენტრი, რამაც კიდევ უფრო უნდა გამოაცოცხლოს იქაურობა.
რას უნდა ელოდეს გულშემატკივარი დინამოსგან.
დინამოსგან ყველა წარმატებას ელის და ეს წარმატება აუცილებლად იქნება. იქნება ფეხბურთელების კარგი თამაშისა და გულშემატკივრების მხარდაჭერის ხარჯზე. დასაფასებელია იმ ხალხის გვერდში დგომა, რომლებიც გუნდს დინამო არენაზეც და გასვლით თამაშებზეც ქომაგობენ. წარმოუდგენელია ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე. საბედნიეროდ დინამოს ჰყავს გლადიატორები და დიდი იმედი მაქვს, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ამაში კი დიდი როლი უნდა შეიტანონ თავად ფეხბურთელებმა. გააუმჯობესონ თამაშის ხარისხი რაც ავტომატურად გაზრდის გულშემატკივართა რაოდენობას.
და ბოლოს. რა კომენტარი შეგიძლიათ გააკეთოთ იმ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში დინამოს ირგვლივ შეიქმნა.
დინამოს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით კლუბმა ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა და ჩვენი პოზიცია ამ მხრივ უცვლელია, რადგან წამოჭრილ თემებთან და გაჩენილ კითხვებთან ჩვენ არანაირ კავშირში არ ვართ. ვერც ვერანაირი ლოგიკით ვიქნებით რაიმე სახის პრეტენზიის ადრესატი. შესაძლოა, მათ აქვთ თავიანთი სიმართლე, მაგრამ ამ სიმართლის დასადგენად არსებობს შესაბამისი ორგანოები და სასამართლო.