ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი ხვალ დინამო არენაზე გვესტუმრება. უმაღლესი ლიგის XXIII ტურის შეხვედრას დინამოელები შინ გამართავენ, მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი ეთერის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.
ურთიერთშეხვედრათა ისტორია დინამოელთა უპირატესობაზე მეტყველებს. ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ჩვენი გუნდი ზუგდიდურ კლუბებს 36-ჯერ შეხვედრა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 25-ჯერ დაამარცხეს, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4-ჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელ ფეხბურთელებს დარჩათ. ბურთების შეფარდება 93:27 არის.
გასულ წელს, მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე, თბილისური გუნდი ზუგდიდს ორჯერ დაუპირისპირდა. თბილისში გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0, განმუხურში შემდგარ დაპირისპირებაში კი საყაიმო ანგარიში – 1:1 დაფიქსირდა.
დუშან უჰრინის შეგირდები სამი ქულის მოპოვებასა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციის გამყარებას შეეცდებიან. ზუგდიდელი ფეხბურთელები კი იოლად არაფერს დათმობენ.
ინტრიგა დინამოსა და ზუგდიდური კლუბების დაპირისპირებას არასდროს მოჰკლებია. იშვიათი გამონაკლისების გარდა დინამოსა და ზუგდიდური გუნდების შეხვედრისას, მატჩი უკანასკნელ წამამდე უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობს.
დინამო არენაზე გასამართ მატჩს თბილისელები კარგ განწყობაზე ხვდებიან. დედაქალაქელებმა ჩემპიონატის განახლებამდე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ხვალინდე მატჩს განსხვავებული განწყობით ეგებებიან ზუგდიდელი ფეხბურთელები. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ საქართველოს თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა.
ინტერესს იწვევს ზუგდიდელთა გამოსვლა. თუ რა შემადგენლობით ეცდება ზუგდიდი ქულათა მარაგის გაზრდას, ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, ჩვენი ვარაუდით კი მეტოქის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
მაქაცარია, ონიანი, გამეზარდაშვილი, აფაქიძე, აკობია, ლომია, გუგუჩია, შონია, კანკია, წურწუმია, სიხარულია