შაბათს 30 მარტს დინამო თბილისი ეროვნული პირველობის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრას, ქუთაისში გივი კილაძის სახელობის სტადიონზე გამართავს. პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება.
30 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია დინამოსა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 23 წლის წინ პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა (იბერიამ) ფოთის კოლხეთი 1913– ს უმასპინძლა. დაძაბული და თვალსასეირო შეხვედრა ჩვენი გუნდის მარცხით 0–1 დასრულდა. 2008 წელს დინამომ ზუგდიდის მგლებს უმასპინძლა და მერებაშვილის გოლით 1–0 დაამარცხა.
სსრკ– ს პირველობაზე დინამომ 1958 წელს მოსკოვის ცსკა მიიღო და ანგარიშით 2–1 აჯობა. გოლები იამანიძემ და დალაქიანმა გაიტანეს. 1983 წელს ასევე თბილისელთა და მოსკოველ არმიელთა შეხვედრა შედგა. მტკვრისპირელებმა ამჯერად ორი უპასუხო გოლით იმარჯვეს. თავის გამოჩენა ჯოხაძემ და ჩქარეულმა მოახერხეს. 1989 წელს გამართული მატჩი მოსკოვის ტორპედოსა და დინამოს შორის უგოლოდ 0–0 დასრულდა.