შაბათს, 30 მარტს დინამო თბილისი ქუთაისში ადგილობრივ ტორპედოს დაუპირისპიდება. ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება. შეხვედრა, რომელსაც საქართველოში “ქართულ კლასიკოს" უწოდებენ, ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ყოველი მატჩი უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 54– ე იქნება.
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 53 მატჩიდან, 25-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 13 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდებაა 89/53 თბილისელთა სასარგებლოდ.
ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის პირველ აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა.
დინამო – ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38-21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3-1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4-2 მიაღწია წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3-3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც ქუთაისში 4 ნოემბერს გაიმართა, ფრედ ანგარიშით 2–2 დასრულდა. შეხვედრის 30– ე წუთზე ანგარიში გრიგალაშვილმა გახსნა, 37– ე წუთზე დვალმა აღადგინა წონასწორობა. მეორე ტაიმის მეცხრე წუთზე გრიგალაშვილმა ისევ წინ გაიყვანა მასპინძლები 2–1. საბოლოო ანგარიში კი მიკელ ალვარომ მატჩის 68– ე წუთზე დააფიქსირა 2–2.