ტურის ცენტრალური შეხვედრა, ქართულ კლასიკოდ წოდებული ტორპედო – დინამო ხვალ, ქუთაისში გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით გადაიცემა.
ორი უშუალო კონკურენტი – დინამო და ტორპედო. მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდი ტორპედოს უკვე მესამედ შეხვდება. უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპზე დინამოელებმა ორი ჩატარებული მატჩიდან ერთი დინამო არენაზე მოიგეს – 3:2, ქუთაისში გამართული მატჩი კი ფრედ – 2:2 დასრულდა.
რთული და დაძაბული კლასიკოს წინ თვალი გადავავლოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას. ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და ტორპედოს ერთმანეთთან 53–ჯერ უთამაშიათ. სტატისტიკურად დინამოელები მეტოქის დამარცხებას უფრო ხშირად ახერხებენ – 25 მოგება, 13 ფრე და 15 მარცხი, ბურთების შეფარდება რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 89:53 არის.
პირველი ეტაპის შეხვედრებისგან განსხვავებით, ხვალინდელ მატჩს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე გუნდისთვის. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი დინამო, უახლოეს მდევართან სამქულიანი უპირატესობის გაზრდისთვის იბრძოლებს, თავის მხრივ საკუთარ კედლებში მოასპარეზე ტორპედო იოლად არაფერს დათმობს და გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ქულათა მარაგის გაზრდას შეეცდება.
ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო ქუთაისური გამარჯვება დინამომ ხუთი წლის წინ, 2007 წლის 17 მარტს იზეიმა, როდესაც დინამოელებმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. მას შემდეგ ქუთაისში გამართული ოთხი მატჩიდან სამი ფრედ დასრულდა, ერთიც კი ჩვენი გუნდის მარცხით დასრულდა. ხვალ კი დუშან უჰრინის შეგირდები ბოლო წლებში არსებული უსიამოვნო სერიის შეწყვეტას შეეცდებიან.
დინამოელებთან შეხვედრამდე ქუთაისის ტორპედომ უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპზე ორი მატჩი გამართა. გია გეგუჩაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე საჩხერის ჩიხურასთან და სტუმრად ზესტაფონში ფრედ – 0:0 ითამაშა. ჩვენმა გუნდმა კი დინამო არენაზე ზუგდიდი 3:0 დაამარცხა, გორის დილასთან შეხვედრა კი ფრედ – 0:0 დასრულდა.
ორმაგად საინტერესოა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული. ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი ტორპედო პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
მიგინეიშვილი, ონიანი, გურული, რიგვავა, გრიგალაშვილი, დათუნაშვილი, დოლიძე, გიგაური, ბერიაშვილი, ტუღუში, საბანაძე