ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის XXVI ტურის შეხვედრას 6 აპრილს საკუთარ მოედანზე გამართავს. დედაქალაქელები დინამო არენაზე საჩხერის ჩიხურას გაეჯიბრებიან, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ.
ინტერესს იწვევს გათამაშების ერთპიროვნული ლიდერისა და უმაღლესი ლიგის მესამე ადგილოსანი ჩიხურას დაპირისპირება. დინამოელები ხვალინდელ შეხვედრაში მორიგი გამარჯვებას და უახლოეს მდევართან არსებული სხვაობის გაზრდას შეეცდებიან. თავის მხრივ იოლად არაფერს დათმობს საჩხერის ჩიხურა.
ხვალინდელი მატჩი დუშან უჰრინის გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანია. გასულ უქმეებზე, უმაღლესი ლიგის XXV ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ქუთაისში, ადგილობრივ ტორპედოსთან გამართეს. ფრედ – 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ, უახლოეს მდევართან სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. თბილისელ ფეხბურთელებს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად და პოზიციების გასამყარებლად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ.
ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დინამოელთა უპირატესობა საგრძნობია. ეროვნულ ჩემპიონატში თბილისელი ფეხბურთელები ჩიხურას ოთხჯერ შეხვდნენ. სამი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ერთიც კი ფრედ – გატანილი გოლების გარეშე. ბურთების შეფარდება 13:3 არის.
რთულ და სატურნირო თვალსაზრისით მეტად დაძაბულ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ჩიხურას 32 წლის ნახევარმცველი, დავით ბოლქვაძე გამოტოვებს. ხვალინდელ მატჩში ჩვენი მეტოქე დინამოდან განათხოვრების წესით დამატებულ დავით ოდიკაძესა და გიორგი რეხვიაშვილს მოისაკლისებს. ტრავმის გამო ჩიხურას შესაძლოა დავით დიღმელაშვილიც ვერ დაეხმაროს.
აღსანიშნავია, რომ ხვალინდელი მატჩის წინ, დინამოელთა შემადგენლობაში არცერთი დისკვალიფიცირებული მოთამაშე არ არის. საინტერესოა, თუ როგორი იქნება ჩვენი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული. ჩვენი ვარაუდით, მეტოქე შეხვედრას შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს:
სომხიშვილი, კაშია, საჯაია, ბერიანიძე, გუშარაშვილი, ჩიკვაიძე, კვასხვაძე, კიკრიტაძე, დეკანოიძე, ჩხეტიანი, გოცირიძე