• Geo
  • Eng
09.04.2013
ჩისკო - საქართველოზე შეყვარებული ბომბარდირი

15 გოლი გასულ სეზონში, 21 – მიმდინარეში: თბილისის "დინამოს" ესპანელი შემტევი ჩისკო ეროვნული ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია უცხოელთა შორის. არაერთ ფეხბურთელს ჩემთან პირად საუბარში უთქვამს: "ხომ თითქოს ბევრს არ დარბის, მაგრამ მინდორზე სულ სხვაგვარად აღიქმება, სულ მოძრაობაშია და თვალებს გვტკენს. უბრალოდ, თვალს ვერ მოაცილებ".

"მსოფლიო სპორტი" 32 წლის ჩისკო მუნიოს ლომპარტს "დინამოს" დიღმის ბაზაზე ესტუმრა. დიდხანს ვისაუბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ მიკელ ალვარო ეძახოდა, ერთხელაც არ უგრძნობინებია, მეჩქარება და დროზე მოვრჩეთო.

ამ ინტერვიუში ჩისკოს პიროვნებასაც ამოიცნობთ.

- ჩემპიონატში უკვე 21 გოლი მოგიგროვდათ. ბომბარდირობა მიზნად გაქვთ დასახული?

- ჩემთვის მთავარია, რომ "დინამო" ჩემპიონი გახდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში სასიხარულო ისაა, რომ ჩემი გოლები "დინამოს" მიზნის მიღწევაში ეხმარება. კარგ ასისტენტობას მიწევენ. თანაგუნდელების წვლილი ძალიან დიდია.

- ტანმაღალი არ ხართ, თუმცა თავითაც ხშირად გაგაქვთ. მაგალითად, "ჩიხურასთან" ორივე გოლი თავით შეაგდეთ...

- ეს ჩემი კოზირი არაა და თავით თამაშზე აქცენტიც არ გამიკეთებია, თუმცა ფაქტია, გამაქვს. კოტომაც და მერებაშვილმაც თავზე დამასვეს ბურთი.

- "დინამოში" ხშირად გამოკვეთილ ფორვარდად თამაშობთ, არადა, ესპანეთში მეტწილად მარცხენა შემტევად, ან მეორე თავდამსხმელად ირჯებოდით. თქვენ შესთავაზეთ მწვრთნელებს ფორვარდობა თუ თავად შეგირჩიეს ეს პოზიცია?

- ეს გუნდის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. დიახ, მეტწილად მარცხნივ ვიყავი, მაგრამ ჩემს კარიერაში ოთხ სხვადასხვა პოზიციაზე მითამაშია: მარჯვნივ, მარცხნივ, მეორე ფორვარდად, გამოკვეთილ ფორვარდად. მთავარია, 11 კაცში ვიყო.

- უკვე ჩავლილი ამბავია და თუ საიდუმლო არ არის, "დინამოში" გადმოსვლამდე რომელი გუნდები გიწვევდნენ?

- თურქეთის სუპერლიგის ორი გუნდი მეპატიჟებოდა. ამ დროს ალექს გარსია დამიკავშირდა და გამაცნო "დინამოს" პროექტები - ის, რომ კლუბს ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა სურდა. რაც მთავარია, ეს პროექტი მომეწონა და განხორციელებადი მეჩვენა. ამასთან, გავეცანი "დინამოს" ისტორიასა და ტრადიციებს. დღეს დარწმუნებული ვარ: სწორი გავაკეთე, რომ თურქეთში არ წავედი.

- ანუ, აქ ყველაფერი მოგწონთ?

- დიახ. ბევრი მეგობარი გავიჩინე, ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობ. უარყოფითს ვერაფერს ვიტყვი. თვალში იოლად მოსახვედრია, რომ ქართველებს უცხოელებისადმი ლოიალური დამოკიდებულება აქვთ.

- რომელია თბილისში თქვენი საყვარელი ადგილი?

- ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია, თუმცა 9 აპრილის ბაღთან ახლოს ვცხოვრობ და ძალიან მომწონს იქაურობა.

- "დინამოს" დავუბრუნდეთ. შეადარეთ გასული სეზონის და ახლანდელი გუნდები. ყველაზე მნიშვნელოვანი რა შეიცვალა?

- უფრო შეკრული გუნდი გახდა. თამაშიც კომპაქტურად გამოგვდის. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, თითქოს გასულ სეზონში უდიერად ვუდგებოდით საქმეს, მაგრამ აქ ის მომენტიცაა, რომ გუნდში მყოფი ესპანელები უფრო შევეჩვიეთ გარემოს.

- მთლიანობაში, რას იტყვით საქართველოს ჩემპიონატზე? არის აქ თამაშის ის სტილი, რომელიც თქვენს გემოვნებაში ჯდება?

- არცთუ იშვიათად, მართლაც კარგი თამაშებია. უკვე შევიგრძენი ის ინტენსივობა, რაც "დინამო"-"ტორპედოს" შეხვედრების დროსაა. ვიცი, რომ ეს განსაკუთრებული მატჩია. ანდალუსიურ დერბის, "სევილია"-ბეტისს" შევადარებდი. ზოგადად, ძალიან მომწონს, როცა ბურთთან ხშირი კონტაქტია. საქართველოში ან ეგრევე შეტევებია, ან უცებვე დაცვაში ჩამოდიან, თუმცა არც ესაა პრობლემა, თავისებურად ლამაზია. მომწონს ახალგაზრდა ფეხბურთელები. მაგალითად, "დინამოდან" - ლაშა პარუნაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა და სხვები.

- რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით საქართველოს ჩემპიონატიდან? მხოლოდ დინამოელებს არ ვგულისხმობ...

- მეკარეებიდან - გიორგი ლორიას, მცველებიდან - გივი კვარაცხელიას, ნახევარმცველებიდან - გიორგი მერებაშვილსა და "დილას" ფეხბურთელ ირაკლი მაისურაძეს, ფორვარდებიდან - ჯაბა დვალს.

- საუკეთესო პარტნიორი გუნდში?..

- თავდასხმაში ერთად ვართ და ჯაბას დავასახელებ. ვენაში სისხლი რომ მოძრაობს, ისეთია მოედანზე. სწრაფი, მოძრავი, მოუსვენარი. მცირე შანსი თუ მიეცა, აუცილებლად იყენებს. ადრე მხოლოდ მე ვიყავი წინ ფორვარდად, ახლა კი ორნი ვართ. ვფიქრობ, მე და ჯაბა კარგ წყვილს ვქმნით.

- "დინამო" 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. როგორ ფიქრობთ, ახლოს ხართ ჩემპიონობასთან?

- არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან წინ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ზედიზედ 3 გასვლა - "ზესტაფონთან", "ზუგდიდთან" და "დილასთან".

- ამ სეზონს თქვენს კარიერაში საუკეთესოდ მიიჩნევთ?

- ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხარ, ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ იქ საკუთარ შესაძლებლობებს ვერ გამოავლენ. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. იმედია, უკეთესი სეზონი წინ მელის: მინდა, რომ "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს.

- ბევრს უთქვამს, ესპანური და ქართული მენტალიტეტი ერთმანეთს ჰგავსო. რას იტყვით?

- დიდი განსხვავება ნამდვილად არაა. ურთიერთობაში, სითბოს გამოხატვაში... თავიდან იყო ენის პრობლემა, მაგრამ ხალხი ყველანაირად ცდილობდა, რომ გაურკვევლობაში არ ვყოფილიყავი. ხან მხარზე ხელის დადებით მაგებინებდნენ. სადაც უნდა მოვხვდე - სუპერმარკეტი იქნება თუ სხვა - სითბოს ვგრძნობ.

- შარშან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთი ჩატოვა ელიტ-რაუნდის ჯგუფში. უყურებდით ჯგუფის მატჩებს? და რას იტყვით ქართველ ჭაბუკებზე? იმ ნაკრებიდან ხომ ბევრი ფეხბურთელი "დინამოს" აღზრდილია...

- ვუყურებდი და ძალიან მომეწონა ქართველების თამაში. ავიღოთ სამი კომპონენტი: ფიზმომზადება, ტექნიკა, ტაქტიკა. სამივეში ძლიერები იყვნენ. მთავარია, არ მოდუნდნენ, საქმეს სრული სერიოზულობით მიჰყვნენ და დაღვინდნენ. და ვფიქრობ, მომავალში ამ თაობას შეუძლია, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანოს.

- შარშან სექტემბერში კი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრებს. თამაშის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს ესაუბრეთ?

- დიახ, კასილიასს და ჩავის ველაპარაკე. შეაქეს საქართველოს ნაკრები. საქართველომ ითამაშა სწორი ტაქტიკით. ეს ერთადერთი შანსი იყო, რითაც შეიძლებოდა სასურველი შედეგის მიღწევა ესპანეთთან. სხვაგვარად თითქმის შეუძლებელი იყო. და ორი მომენტიც ჰქონდათ ქართველებს. მე და კოტო ერთად ვუყურებდით ამ თამაშს. პირველი ტაიმის შემდეგ ერთმანეთს ვუთხარით, რომ 0:0 დასრულდებოდა. საქართველო ძალიან კარგად იცავდა თავს და ლორიაც საოცრად თამაშობდა.

- ფაქტია, ესპანეთთან თამაშის გახსნა ბევრს დიდი ანგარიშით წაგებად დაუჯდა. რატომ ვერ ახერხებენ სხვა გრანდები ისე თამაშს, როგორც ესპანელები?

- ყველაფრის თავი და თავი სიმარტივეშია. გაცილებით იოლია, გააკეთო პასი ახლოს, ვიდრე 25 მეტრის სიშორეზე. მაგრამ ეს სათქმელადაა ადვილი, გასაკეთებლად კი, რთული. ტექნიკას ემატება იმპროვიზაცია. მაგალითად, სერხიო რამოსი ინიესტასავით და ჩავისავით პასებს ვერ გააკეთებს, მაგრამ თავის საქმეში უძლიერესია და აკეთებს იმას, რაც ევალება. ჩავი და ინიესტაც იმის ფიქრში არიან, ფორვარდებს სივრცე შეუქმნან, თამაში დაალაგონ. იმის თქმა მინდა, რომ ესპანეთის ნაკრებში უმაღლესი დონის ფეხბურთელები შეიკრიბნენ. ეს თავისებურად გამართლებაცაა, ყველა პოზიციაზე დიდი არჩევანია.

- ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში გითამაშიათ, აი, ეროვნულში კი ერთხელაც ვერ მოხვდით. იყო დრო, როცა რეალურად ფიქრობდნენ თქვენს გამოძახებაზე და იმედიანად იყავით?

- როდესაც "ვალენსიაში" გადავედი, მაშინ მართლაც იმედი მქონდა, მაგრამ ტრავმა მივიღე და ფორმიდან ამოვვარდი. ვისენტე თუ ჩისკო? ასე ფიქრობდნენ, სანამ ტრავმას მივიღებდი, მერე კი, ვისენტე უკონკურენციო გახდა. მან ნდობა მოიპოვა და "ვალენსიაში" ბრწყინვალედ თამაშობდა. წარმოუდგენლად ძნელია ესპანეთის ნაკრებში მოხვედრა. მაგალითად, მიჩუს, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში საუკეთესო ახალწვეულად დაასახელეს და "სუონსიში" ლამის ყველა მატჩში გოლი გააქვს, ნაკრებში არ ათამაშებენ. იმიტომ, რომ უდიდესი კონკურენციაა.

- თქვენს კარიერაში ყველაზე ძლიერი მწვრთნელი რაფა ბენიტესი იყო?

- დიახ.

- საუკეთესო თანაგუნდელი, რომელიც ოდესმე გყოლიათ?..

- პაბლო აიმარი "ვალენსიაში". ის არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ფიზიკურადაც ძლიერი იყო. ამასთან, აიმარი საკმაოდ ინტელიგენტი პიროვნებაა. არა მხოლოდ საფეხბურთო განხრით.

- "ვალენსიამ" 2004 წელს სამი ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონობა, უეფას თასი და უეფას სუპერთასი. როგორ ფიქრობთ, იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში რომ გეთამაშათ, მოგების შანსი რამდენად დიდი იქნებოდა? იმ წელს მოურინიუს "პორტუმ" მოიგო ლიგა და ფინალში "მონაკოს" სძლია.

- ძნელი, მაგრამ არა წარმოუდგენელი. ჩემპიონთა ლიგა სხვა დონეა. ლიგის მატჩში შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო და თამაში არ წაგივიდეს. ის, რაც "ბარსელონას" დაემართა "მილანთან" გასვლაზე, როცა 0:2 წააგო. ფაქტია, იმ დღეს "ბარსას" რაღაც დაემართა.

- ვის მიიჩნევდით ლიდერად მაშინდელ "ვალენსიაში"?

- ერთის გამორჩევა ძნელია. რობერტო აიალა, სანტიაგო კანისარესი, რუბენ ბარახა, პაბლო აიმარი. ისინი ცხოვრებაშიც ლიდერები, სამაგალითო პიროვნებები იყვნენ.

- თქვენ მეტწილად სათადარიგოს როლი გქონდათ. ამის გამო ნაწყენი იყავით?

- არა. თავიდანვე ვიცოდი, რა დონის კლუბში მივდიოდი და რეალისტურად ვუყურებდი სიტუაციას. "ბარსელონა", "რეალი", "ვალენსია" - ეს სამი კლუბი უძლიერესი იყო. ჩემს გარდა, კიდევ რამდენს უნდოდა ასეთ გუნდებში მოხვედრა, ხომ წარმოგიდგენიათ. დიდი კონკურენცია იყო.

- როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში "ბარსელონასა" და "რეალის" საჩემპიონო რბოლაში ვინმე თუ ჩაერევა?

- არა მგონია და აქ ერთი მთავარი საკითხი სატელევიზიო უფლებებია. "რეალსა" და "ბარსელონას" იმხელა თანხას უხდიან, რომ მათი ისედაც დიდი ბიუჯეტი კიდევ უფრო იზრდება. ამ მხრივ "ბარსა" და "რეალი" მხოლოდ ესპანეთში კი არა, ევროპაშიც ლიდერები არიან.

- თქვენს ოჯახზეც გვითხარით...

- მეუღლე თბილისში ცხოვრობს და ბედნიერია აქ ყოფნით. გარშემო ყველა ცდილობს, რომ სითბო გვაგრძნობინოს და დაგვეხმაროს. შვილი ჯერ არ გვყავს. ჩემს მეუღლესაც ისე მოსწონს აქაურობა, რომ მითხრა, სულ თბილისში ხომ არ დავრჩეთო.

- დაბოლოს, ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდანაც თუ შეგეხმიანნენ?

- ახლაც მოწადინებული ვარ და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი საქართველოს ნაკრებში. ამის შესახებ "დინამოს" პრეზიდენტთანაც მქონდა საუბარი. 2 წელი უნდა გავიდეს, რაც აქ ვარ. ეს 2 წელი კი ივნისში გადის. ფედერაციიდან არავინ შემხმიანებია, თუმცა კიდევ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი.

08.04.13  ილია ნანობაშვილი          worldsport.ge

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024