მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდი მეტალურგს მეოთხედ დაუპირისპირდება. ამჯერად დედაქალაქელი და რუსთაველი ფეხბურთელები საქართველოს თასის 2012/2013 წლების გათამაშების ფინალისტს გამოავლენენ. დინამო არენაზე 8 მაისს ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი ეთერის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.
ეროვნულ ასპარეზზე დინამოელები რუსთავის გუნდს სულ 50–ჯერ დაუპირისპირნდნენ, აქედან 4 მატჩი საქართველოს თასზე შედგა. ერთი მოგება (2009 წლის ფინალი), ერთი ფრე და ორი მარცხი. ასეთია სათასო სტატისტიკა, ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 7:6 არის.
ტურნირის ნახევარფინალური ეტაპის გავლა და ფინალურ მატჩში მონაწილეობის უფლების მოპოვებისთვის დინამოელების მსგავსად, თავდაუზოგავად იბრძოლებენ რუსთაველი ფეხბურთელებიც – დინამო და მეტალურგი გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადებიან.
აღსანიშნავია, რომ 8 მაისს, ეროვნულ ასპარეზზე გამართულ შეხვედრებში, დინამოელები არ დამარცხებულან. 8 მაისს ჩატარებული 5 შეხვედრიდან ჩვენმა გუნდმა სამი მოიგო (ივერია 0:1 დინამო, დინამო 3:0 დინამო ბათუმი, სამტრედია 1:2 დინამო) და ორი ფრედ (დილა 2:2 დინამო, ზესტაფონი 0:0 დინამო) დაასრულა.
ლურჯ–თეთრები ხვალინდელი შეხვედრის მოგებას შეეცდებიან. დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი სეზონის ბოლოს დუბლს – ჩემპიონობას და თასს უმიზნებს.
უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპზე დინამო და მეტალურგი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და გამარჯვება ორივეჯერ დედაქალაქელებს დარჩათ. 2012 წლის 11 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა რუსთავში ლევან ხმალაძის გოლით იმარჯვა. 31 ოქრომბერს, დინამო არენაზე გამართული მატჩი კი დინამოელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ჯაბა დვალმა და გივი კვარაცხელიამ გაიტანეს, რუსთაველმა ალექსანდრე ინწკირველმა კი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება დინამო არენაზე. ორი გუნდი და ერთი მიზანი. დინამო და მეტალურგი ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.
გასულ ტურში დინამომ საკუთარ მოედანზე საჩემპიონო გამარჯვება მოიპოვა, დედაქალაქელებმა ქუთაისის ტორპედოს 4:0 მოუგეს, მეტალურგი კი შინ ვიტ ჯორჯიასთან ორბურთიანი სხვაობით – 0:2 დამარცხდა. გუნდები ხვალინდელ მატჩს განსხვავებული განწყობით ეგებებიან დინამოელები წარმატებული სვლის გაგრძელებას შეეცდებიან, სტუმრები კი იოლად არაფერს დათმობენ.
ინტერესს იწვევს მეტალურგის შემადგენლობა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი მეტალურგი პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
ალავიძე, განუგრავა, ინწკირველი, მახვილაძე, გავაშელიშვილი, ქავთარაძე, მენთეშაშვილი, დობროვოლსკი, ლობჟანიძე, სიხარულიძე, ფიფია