დინამო თბილისის ფეხბურთელებმა 2, 3 და 5 ივნისს FIFA-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.
2 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად, ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა. ჯვაროსანთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ჩვენი გუნდის კაპიტანი, გიორგი ლორია, რომელმაც პარტიონრების შეცდომის გამოსწორება სცადა. შეინ ლონგთან პირისპირ დარჩენილი ლორია მსაჯმა მატჩის 20-ე წუთზე მოედნიდან გააძევა. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული კიდევ ერთი დინამოელი, ირაკლი ძარია თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. საქართველოს ნაკრები მეტოქესთან 0:4 დამარცხდა.
3 ივნისს მაკედონიის ეროვნულმა ნაკრებმა მალმიოში, შვედეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, გასვლითი მატჩი ჩაატარა. დაპირისპირების 80-ე წუთზე, მაშინ როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მოედანზე დარკო გლიშიჩი გამოვიდა. ჩვენი გუნდის მარცხენა ფლანგელს მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მაკედონიელები მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.
5 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ჯვაროსნებმა სტუმრად, დანიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეს. ანგარიში ქართველმა ფეხბურთელებმა 52-ე წუთზე გახსნეს, გოლი დინამოელმა - ირაკლი ძარიამ გაიტანა, რომელიც დაპირისპირების 63-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ლორიამ კი შეუცვლელად ითამაშა და დანიელთა გოლი, რომლის შემდეგაც ანგარიში გათანაბრდა, სამწუხაროდ გიორგის შეცდომას მოჰყვა.