უმაღლესი ლიგის მეათე ტურის შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართეს. ქართულ კლასიკოდ წოდებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებოთ – 2:1 დასრულდა.
დღევანდელი მატჩი დინამოელთათვის არასასიამოვნოდ დაიწყო. შეხვედრის მესამე წუთზე დედაქალაქელი ფეხბურთელები კაცნაკლულნი დარჩნენ. დაპირისპირების მთავარმა არბიტრმა, გიორგი კვარაცხელიამ მოედნიდან დინამოს ესპანელი ლეგიონერი – უსტარიცი გააძევა და დინამომ მატჩი ათი კაცით გააგრძელა. ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მატჩის 22–ე წუთზე ანგარიში გახსნეს, სტუმართა რიგებიდან გატანილი გოლით თორნიკე კაპანაძე გამოირჩა – 0:1. პირველი ნახევრის მიწურულს ჩვენ გუნდს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცა, მსაჯმა ტორპედოს კარის მიმართულების თერთმეტმეტრინი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, თუმცა ჯაბა დვალმა პენალტის ნიშნულიდან კარს ააცილა.
მეორე ტაიმი დინამოელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და ტორპედოს კართან სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა. დაპირისპირების ბოლო წუთები დრამატული გამოდგა. შეხვედრის 79–ე წუთზე დინამოელებმა კიდევ ერთხელ მოიპოვეს პენალტის შესრულების უფლება. ამჯერად სტანდარტის შესრულება თავის თავზე ლევან ხმალაძემ აიღო და ანგარიშში თანაფარდობაც აღსდგა – 1:1. რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩენილმა დუშან უჰრინის შეგირდებმა მატჩის 90–ე წუთზე მეტოქის კარი კიდევ ერთხელ დალაშქრეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ზუსტი თავური დარტყმით გიორგი გველესიანმა ტორპედოს კარის ბადეში გაახვია – 2:1.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ დინამო 10 ჩატარებულ შეხვედრიდან მოპოვებული 25 ქულით გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს 6 ქულით ასწრებს.
დინამო 2:1 ტორპედო
გოლები: 0:1 კაპანაძე 22’ 1:1 ხმალაძე 79’ (პენ.) 2:1 გველესიანი 90’
დინამო: ლორია, ძარია (ვუო 77’), ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ჩისკო (გველესიანი 42’), დვალი (გრიგალაშვილი 58’), უსტარიცი, კვირკველია, გოგა
ტორპედო: ქვილითაია, ჭელიძე, კუხიანიძე (ახვლედიანი 77’), გიგაური, ფანცულაია, ცინცაძე, ხიდეშელი, მთივლიშვილი (გაბაძე 89’), უბილავა, კაპანაძე (გოროზია 70’), საბანაძე
გაძევება: უსტარიცი 3’
გაფრთხილება: სეთურიძე 51’ – მთივლიშვილი 45’ ქვილითაია 78’
გამოუყენებელი პენალტი: დვალი 45’