დინამოელები ახალი სეზონისთვის სამზადისს განაგრძობენ. მოსამზადებელი ეტაპის პირველ სპარინგ–მატჩს ჩვენი გუნდი თბილისში, დინამო არენაზე გამართავს. დუშან უჰრინის გუნდი მეზობელი ქვეყნის, სომხეთის მოქმედ ჩემპიონ – შირაქ გიუმრის დაუპირისპირდება. ამხანაგური შეხვედრა 17 ივნისს 18:00 საათზე დაიწყება, მატჩზე დასასწრები ბილეთი 2 ლარი ეღირება.
ქალაქ გიუმრში 1958 წელს დაარსებული საფეხბურთო კლუბი საშინაო შეხვედრებს გიუმრი სტადიუმზე ატარებს, რომელიც 3500 მაყურებელს იტევს. შირაქს სომხეთის ეროვნული ჩემპიონატი ოთხჯერ 1992, 1994, 1999 და 2012/13 წლების სეზონში აქვს მოგებული. 2011/2012 წლების სეზონში გიუმრის გუნდმა სომხეთის თასის გათამაშებაზეც იმარჯვა.
ჩვენი მომავალი სპარინგ–მეტოქის შემადგენლობაში 30 ფეხბურთელი ირიცხება, აქედან 6 ლეგიონერი. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი სენეგალელი, იორო ლამინე იო არის, რომელმაც სომხეთის ჩემპიონატში ჩატარებული 39 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა.
ჩვენი გუნდი სომხურ შირაქს ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა შორეულ 1960 წელს, საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებაზე შედგა, თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 5:1 სძლიეს. ოთხი გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა, ერთი ბურთი კი – შოთა იამანიძის ანგარიშზეა.