• Geo
  • Eng
28.10.2013
ტორპედო დუბლებმაც დაამარცხეს

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეათე ტურის შეხვედრა დინამოელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართეს. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 3:2 დასრულდა.

 

შეხვედრის დებიუტი ორმხრივ შეტევებში წარიმართა. დაპირისპირების 19–ე წუთზე სტუმართა რიგებიდან გოლის გატანის საშუალება ბექა კაკუშაძეს მიეცა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი თორნიკე ზარქუას კარის ძელს მოხვდა. დინამოელთა საპასუხო იერიში გოლით დასრულდა. მატჩის 20–ე წუთზე ქუთაისელთა კარში გოლი ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა – 1:0. პირველი ტაიმის მიწურულს, შეხვედრის 40–ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული გიორგი პაპაუნაშვილი სტუმართა კიპერმა წააქცია. თერთმეტმერიანი საჯარიმო დარტყმა კი საბა ლობჟანიძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0.

 

მეორე ტაიმი კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს და ტორპედოს კართან სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა. მატჩის 60–ე წუთზე ვანო წილოსანს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, რომელმაც საბა ლობჟანიძის ხეირიანი გადაცემა ვერ გამოიყენა. დაპირისპირების 65–ე წუთზე დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ვანო წილოსანმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, დასწრებაზე კი თორნიკე მაჭავარიანმა ითამაშა კარგად და ზუსტი თავური დარტყმით საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო განამტკიცა – 3:0. სტუმრებმა შეხვედრის 84–ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მამია გავაშელიშვილმა თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ ბურთი ფაქტობრივად  ცარიელ კარში შეაგორა. დღევანდელი თამაშის საფინალო შედეგი კი 90–ე წუთზე დაფიქსირდა. მსაჯმა ტორპედოს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ბიძინა გავაშელიშვილმა – 3:2.

 

დღევანდელი მოგების შემდეგ დინამოელებს 10 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 22 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებენ.

 

დინამო 3:2 ტორპედო

გოლები: 1:0 შინდაგორიძე 20’

2:0 ლობჟანიძე 40’ (პენ.)

3:0 მაჭავარიანი 65’

3:1 გავაშელიშვილი 84’

3:2 გავაშელიშვილი 90’ (პენ.)

 

დინამო: ზარქუა, მარაქველიძე. ჯაფიაშვილი, გურეშიძე, მურუსიძე (ველიაშვილი 56’), კახნიაშვილი (თევზაძე 46’), შინდაგორიძე, ლობჟანიძე (გოროზია 62’), ხოჭოლავა (წილოსანი 46’), პაპუნაშვილი, მათიაშვილი (მაჭავარიანი 46’)

 

ტორპედო: ტყემალაძე, ჩიტეიშვილი, გელაშვილი, მამასახლისი, კუსიანი, ალიფერენკო (გოგიჩაიშვილი 46’), ყანჩაშვილი (კანდელაკი 67’), კაკუშაძე (ბიწაძე 85’), მარკოზაშვილი (ქიქავა 46’), გუგეშაშვილი (ლაღაძე 79’), გავაშელიშვილი

 

გაფრთხილება: კახნიაშვილი 18’ გურეშიძე 35’ მაჭავარიანი 56’

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024