ავსტრიული შეკრება სრულდება. დღეს ჩვენი გუნდი ბოლო სპარინგს გამართავს და ხვალ სამშობლოში დაბრუნდება. შეკრების შესახებ შთაბეჭდილებებს დინამოს მარჯვენა მცველი, გიორგი სეთურიძე გვიზიარებს.
გიორგი სეთურიძე - ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს. კომენტარი ზედმეტია. ისეთი კლიმატია, თითქოს ჰაერის ფილტრი უყენია, დაღლილობას ვერ გრძნობ. ერთი სიტყვით საუკეთესო გარემოა მოსამზადებლად. აქ გამართული სპარინგები კი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ამხანაგურ შეხვედრებშიც დიდი მოტივაცია გვქონდა. ასეთ მოწინაღმდეგეებთან თამაში იშვიათად გვიწევს. იმედი მაქვს მომავალში უფრო ხშირი იქნება ასეთი თამაშები. გუნდში ისეთი ბიჭები შეიკრიბნენ, რომ ყველას დიდი სურვილი აქვს წარმატებას მივაღწიოთ. შანსი გვაქვს და ვნახოთ რა გამოვა. ყველა ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის ფიზიკურ მომზადებას. განვლილი სეზონის განმავლობაშიც ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა ორ ფრონტზე წარმატება. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპს, პირველ მეტოქედ უკეთეს ალაბათ ვერც ინატრებდი. გამარჯვების შემთხვევაში ახლოს აღმოვჩნდებით მიზნამდე და შემდეგ უკვე უკან დასახევი გზა აღარ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ვიბრძოლებთ, სისხლს დავასხამთ მოედანზე და ქართველი ხალხის გახარებას ვეცდებით. იმედი მაქვს ხალხიც გვერდში დაგვიდგება.