• Geo
  • Eng
03.07.2013
ინტერვიუ ვასილ მაისურაძესთან

ახალი სეზონისთვის დინამოს ძირითადი გუნდის მსგავსად დინამო–2 და დუბლშემადგენლობაც ემზადება. დღეს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის სტუმარი დინამოს დუბლებისა და საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვასილ მაისურაძე არის.

 

ახალი სეზონისთვის სამზადისი დუბლებმაც დაიწყეს, როგორ შეაფასებდით პირველ ვარჯიშებს?

 

მომავალი სეზონისთვის მზადებას 24 ივნისიდან შევუდექით. თითოეულ ფეხბურთელს დარიგებულო ჰქონდა ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა. აღსანიშნავია, რომ ვარჯიშზე ყველა მომზადებული მოვიდა და ძალიან გამიხარდა. აქამდე თუ სულ იმაზე გვიწევდა საუბარი, რომ ფეხბურთელმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას რეჟიმი, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა და მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით წინ მიდივართ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ეტაპზე გუნდის ძირითადი ბირთვი – 1994/1995 წლებში დაბადებული ფეხბურთელები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთან ერთად გადიან მზადებას, დანარჩენი მოთამაშეები კი დროებით რამაზ მუმლაძის გაწვრთნილ დინამო–2 ერთად გაერთიანებულად ივარჯიშებენ.

 

ახალი სეზონის წინ რა ცვლილებები იგეგმება?

 

დინამოს საფეხბურთო აკადემიის თამაშებს თვალ–ყურს ვადევნებ. ახალი სეზონის დაწყებამდე ჩვენი აკადემიის ხელმძღვანელთან, გიორგი მინაშვილთან ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ახალი სეზონიდან დუბლებში  5–6 ფეხბურთელი თავიდანვე დაგვემატება. წინასწარ შემიძლია იმის თქმა, რომ მომავალ საფეხბურთო წელს ჩვენთან ერთად გაატარებენ გიორგი ვეკუა, ვახტანგ მაჩალაძე, ზურაბ ჯაფიაშვილი, საბა კვერნაძე... დუბლებში ახალი მოყვანილი გვყავს და ვარჯიშობს დავით ვოლკოვი, რომელიც ბოლოს პირველ ლიგაში, გაგრაში თამაშობდა. ამ ფეხბურთელს ვაკვირდებოდით, მეტ–ნაკლებად ვიცნობთ და შეიძლება ითქვას, რომ იმედებს ვამყარებთ. მისი დამატების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მხოლოდ ფინანსური დეტალებიღაა შესათანხმებელი. აწ–დასრულებული სეზონის ბოლოს პატარა ტრავმა მიიღო, შესაბამისად ამ ეტაპზე ნაკრებში არ არის გამოძახებული, სამომავლოდ კი მას ნაკრების ფეხბურთელადაც მოვიაზრებ.

 

სეზონის დაწყებამდე ვისთან გამართავს დუბლშემადგენლობა ამხანაგურ შეხვედრებს?

 

რა თქმა უნდა, სპარინგებს ჩავატარებთ. მოსამზადებელი ეტაპის პირველი 10 დღე ჩვენი აკადემიის ფიზმომზადების მწვრთნელთან, რიკადრო დევივოსთან ერთად ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებას დავუთმეთ. შეიძლება ითქვას, რომ რიკარდოსთან ერთად ჩატარებული ვარჯიშები საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ახამანგურ შეხვედრებს 12 ივლისის შემდეგ ვგეგმავთ, მას შემდეგ, რაც გუნდს ნაკრებში წასული ფეხბურთელები შეუერთდებიან. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, თუ ვინ იქნება ჩვენი სპარინგ მეტოქე, თუმცა ერთი გადაწყვეტით შემიძლია ვთქვა, რომ საბურთალოს წინააღმდეგ ვითამაშებთ. საბურთალო მომავალი სეზონიდან პირველ ლიგაში იასპარეზებს და მათ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდით.

 

ნაკრებში გამოძახებული დინამოელების შესახებაც გკითხავთ...

 

ოთარ კაკაბაძე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ვანო წილოსანი, გიგა სამხარაძე ამ ნაკრებში პირველად არ არიან. მათ შესანიშნავი გამოცდილება აქვთ სანაკრებო დონეზე. გავიხსენოთ შარშანდელი ელიტრაუნდი და სლოვენიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი, სადაც ფაქტობრივად ამ შემადგენლობით ნახევარფინალში გავედით. ამ ნაკრებში დინამოდან ორი ახალი ფეხბურთელია – ბექა მელიქიძე და თორნიკე მაჭავარიანი და დარმწუნებული ვარ, ჩვენ იმედებს გაამართლებენ. წინ ორი ამხანაგური თამაში გველის, სპარინგებს ჩავატარებთ მასპინძელ ბელორუსის ასაკობრივ ნაკრებთან, დავუპირისპირდებით ისრაელის გუნდსაც... დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორ ამხანაგურ თამაშში ფეხბურთელები დიდ გამოცდილებას შეიძენენ.

 

მომავალი სეზონი და დინამოს დუბლშემადგენლობის მიზნები...

 

ჯერ–ჯერობით კალენდარი არ არის გარკვეული, თუმცა ერთი ვიცით, მომავალი სეზონი 10–12 აგვისტოს დაიწყება. ახალი სეზონისთვის სათანადოდ მოვემზადებით. თუ კი ჩვენი გუნდიდან ძირითადი ბირთვი დინამო–2 არ შეუერთდება, მაშინ წინასწარ შემეძლება იმის თქმა, რომ წელს ბევრად უკეთესი გუნდი გვეყოლება. მესამე წელია ამ გუნდთან, ამ ბიჭებთან ერთად მიწევს მუშაობა და თითოეულ მათგანს, მათ შესაძლებლობებს საკმაოდ კარგად ვიცნობ. რა თქმა უნდა აკადემიის ფეხბურთელებიც შემოგვიერთდებიან და მათი გუნდთან ადაპტაციის პერიოდი, რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი დინამოს პირველი გუნდისთვის ახალი თაობის აღზრდაა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გათამაშებაში შედეგზე ყურადღებას არ გავამახვილებთ. ჩვენ დინამო ვართ, ჩვენ ყველა მოედანზე მუდამ ოსაგებად გავდივარ, როდესაც დინამოს მაისური გაცვია, სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024