• Geo
  • Eng
02.07.2013
გივი კვარაცხელია – ჩვენთვის მთავარი თამაშები 16 ივლისის შემდეგ იწყება

დინამოელები სამშობლოში დაბრუნდნენ და ორი დღით ისვენებენ. 4 ივლისიდან კი გუნდი კვლავ განაგრძობს ახალი სეზონისთვის მზადებას. დინამოელები დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მოემზადებიან. ოფიციალურ შეხვედრებამდე  კიდევ ერთი საინტერესო ამხანაგური მატჩია, ჩვენს ტრადიციულ მეტოქესთან - მოსკოვის დინამოსთან. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დინამო არენაზე 7 ივლისს 20.00 საათზე გაიმართება.  მანამდე კი ისევ ავსტრიულ შთაბეჭდილებებს დავუბრუნდეთ. ამჯერად ჩვენი სტუმარი დინამოელთა ცენტრალური მცველი გივი კვარცხელია იქნება.

 

 

შეკრება ავსტრიაში

 

შეკრებაზე საუბრისას პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, გუნდის ხელმძღვანელობას და სტაფის თითოეულ წევრს. ყველაფერი უმაღლეს დონეზე, პროფესიონალურად იყო დაგეგმილი, მოწყობილი და შესრულებული. ზღაპრულ ადგილზე ვიყავით, მთაში. ვარჯიში, სწორი კვების რეჟიმი, დასვენება – ამინდებიც საჩვენოდ იყო, ბოლო დღეებში ჰაერის ტემპერატურა 12  გრადუსიც კი იყო. ფილტვები დავიბერეთ, მაგრად მოვემზადეთ როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად. ამხანაგურ შეხვედრებში სხვადასხვა სახის ტაქტიკით თამაშის დახვეწას ვცდილობდით. ამდენი ხანია ფეხბურთს  ვთამაშობ და შეიძლება ითქვას, რომ  შეკრებით ძალიან ნასიამოვნები ვარ.

 

შეკრებაზე გამართული სპარინგ შეხვედრები

 

ავსტრიაში გამგზავრებამდე ექვსი დღით ადრე მოსამზადებელი ეტაპი თბილისში დავიწყეთ.  ჩემი დაკვირებით, მწვრთნელმა ისე დაგეგმა ყველაფერი, რომ ძირითადი ფიზიკური დატვირთვები ჩვენ ბაზაზე ჩატარებულ ვარჯიშებში მივიღეთ. მართალია ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა, თუმცა ავსტრიულ შეკრებაზე აქცენტი სათამაშო ფორმის  აღდგენაზე სპარინგ შეხვედრებში გაკეთდა. ძალიან კარგ გუნდებს ვეთამაშეთ, თუნდაც დონეცკის შახტარი რად ღირს. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, თუმცა იგივე შახტართან თამაში – საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებული 5 მატჩის ტოლფასად მიმაჩნია. ვფიქრობ, დუშან უჰრინს ჩანაფიქრი წარმატებულად მოვიდა სისრულეში, მომავალი ოფიციალური შეხვედრებისთვის ყველანი 100%–ით ვართ მზად.

 

მომდევნო შეხვედრა – დინამო მოსკოვი

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხი მოვა სტადიონზე.  . სავსე ტრიბუნები განსაკუთრებულ მუხტს ქმნის და შექმნილი ატმოსფეროდან გამომდინარე ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა მატჩი ამხანაგური იქნება თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კვლავ ახალი სეზონისთვის ვაგრძელებთ მზადებას, მოედანზე მაინც მოსაგებად გავალთ, თუმცა ჩვენთვის მთავარი თამაშები 16 ივლისის შემდეგ იწყება და ოფიციალური შეხვედრებისთვის 1000%–ით უნდა ვიყოთ მზად.

 

ჩემპიონთა ლიგა

 

ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მოედანზე მეტოქე ლუსიტანოსი იქნება თუ სტრეიმური – ორივე შემთხვევაში სრული კონცენტრაცია გვმართებს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ანდორის გუნდთან მოგვიწევს თამაში, ვინაიდან ჩვენთვის მისადგომად უფრო ადვილია.  

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024