• Geo
  • Eng
09.07.2013
საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის განცხადება

გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ბოლო პერიოდში კლუბის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ ამის შესახებ. საქართველოს ფიზკულტურულ - სპორტულმა კლუბმა დინამომ წერილით მომართა ჩვენ კლუბს, რომლის შინაარსსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. მოკლედ აღვნიშნავთ, რომ საკითხი ეხება ამავე ორგანიზაციის მიერ ჩვენი კლუბისთვის მიყიდული დინამოს საფეხბურთო ბაზის თითქოსდა ძალდატანებით და იძულებით გასხვისებას. ამავდროულად წერილის ავტორები (იხილეთ სია) ჩვენი კლუბისგან კეთილი ნების გამოხატვას მოელიან ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც თავისთავად გაუგებარია რას გულისხმობს. მითუმეტეს გაუგებარია ამ წერილის მოწერა ეხლა, როცა ამავე ორგანიზაციამ დაახლოებით 10 დღის წინ სარჩელი უკვე შეიტანა ჩვენი კლუბის წინააღმდეგ და მოახდინა დინამო თბილისის ბაზის დაყადაღება, სწორედ იმ პერიოდში როდესაც  დინამომ გახსნა ბავშვთა აკადემია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. რა თქმა უნდა ამდაგვარი ქმედება იწვევს ჩვენი კლუბისთვის დამატებით მატერიალურ ზიანს, რომელიც არაფრის გამო უნდა იქნას გაღებული. ამჯერად ჩვენ ვაპირებთ ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გავცეთ ამ ქმედებას, ვინაიდან, როგორც ჩანს მომჩივანი მხარე ბოლომდე გათვითცნობიერებული  არ არის ან არ უნდა, რომ იყოს - იურიდიულ საკითხებში, ვინაიდან არსებობს სამართლებრივად გამართული დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდა ამ გარიგების განხორციელება და რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და გამგეობამ თავისი სურვილით და ნებით მოახდინა ამ გარიგების დადება (წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია განაცხადოს თუ ვინ მოახდინა მისი იძულება). ჩვენის მხრივ გვინდა დავამატოთ, რომ კლუბი დინამო თბილისი იმ პერიოდში იყო უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში, კლუბი ვეღარ ახერხებდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებას და სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ბიზნესმენმა რომან ფიფიამ აეყვანა ეს კლუბი და უზრუნველყო მისი განვითარება, რაზეც მოწმობს მის მიერ კლუბში ჩადებული საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ინვესტიცია, რომლის დახმარებითაც გაკეთდა დინამოს ბაზა (გამორჩეული თავისი სილამაზით და ხარისხით), ბავშვთა აკადემია (ერთადერთი ამ ტიპის და ხარისხის აკადემია საქართველოში) და ასევე დინამო არენა, სადაც ასევე ჩაიდო დიდი ინვესტიცია და მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა. ჯამში ამ ინვესტიციებმა 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ამგვარად განახლებული კლუბი, ბუნებრივია, რომ მუდმივად მოითხოვს დანახარჯებს ანუ კლუბის ბიუჯეტს, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად მეპატრონის მხრიდან ფინანსდება, ვინაიდან სამწუხაროდ საფეხბურთო კლუბების საკუთარი შემოსავლები საქართველოში დღესდღეობით მიზერულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია სპორტ საზოგადოება დინამოს ამგვარი არამეგობრული და გაუგებარი ქმედება, რომელიც სხვების ხარჯზე, ვიღაცეების მხრიდან ხელის მოთბობის იმედს წარმოადგენს, რასაც ჩვენ სამართლებრივ პასუხს გავცემთ, რომელითაც ასევე მთლიანი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვთ, რომელიც ჩვენ მოგვადგა.

პ.ს. სწორედ ამ დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ის ღვაწლმოსილი ფეხბურთელები, რომლებიც ამ წერილს აწერდნენ ხელს შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და მათ მცდარი ინფორმაციის მიწოდებით მოაწერინეს ამ წერილზე ხელი, რასაც ადასტურებს ამ ფეხბურთელების მხრიდან გაკეთებული განმარტება (იხ. წერილი)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024