• Geo
  • Eng
29.10.2013
დინამო თბილისი VS კოლხეთი ხობი – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალში ჩვენი გუნდი ხობის კოლხეთს დაუპირისპირდება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, დინამო თბილისისა და პირველი ლიგის წარმომადგენელის – ხობის კოლხეთს მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 30 სექტემბერს დინამო არენაზე გაიმართება. ეროვნულ ჩემპიონატში ხობის კოლხეთთან ნათამაშებ შეხვედრებში დინამოელებს კოლოსალური უპირატესობა აქვთ – 5 მატჩი და 5 მოგება, ბურთების შეფარდება 15:3 არის.

 

ეროვნულ ასპარეზზე დინამო თბილისი და ხობის კოლხეთი ერთმანეთს პირველად 1990 წლის 6 მაისს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მეტოქის კარში გოლები ზაზა რევიშვილმა და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.

 

1990 წლის 15 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ხობის კოლხეთი დიდი ანგარიშით – 5:0 დაამარცხა. ხობელთა კარში სამი გოლი გაიტანა გია გურულმა, თითო ბურთი კი ზაზა რევიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა შეაგდეს.

 

1991 წლის 12 მაისს დინამო ხობს სტუმრობდა. მასპინძელთა ტრიბუნებიდან მსაჯზე ზეწოლის გამო ჩვენ გუნდს ტექნიკური მოგება – 3:0 ჩაეთვალა.

 

1991 წლის 3 ნოემბერს დინამომ ხობის კოლხეთი ორბურთიანი სხვაობით – 4:2 დაამარცხა. ხობელთა კარში ორი გოლი გაიტანა ზაზა რევიშვილმა, თითო გოლი კახა კაჭარავამ და რევაზ არველაძემ გაიტანეს.

 

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და ხობის კოლხეთს შორის უკანასკნელი მატჩი 1992 წლის 30 მაისს შედგა. დაპირისპირება დედაქალქელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანა.

 

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელიც ხობის კოლხეთსა და დინამო თბილისს შორის ფოთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 9:0 დასრულდა. მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანეს გიორგი მიქაბერიძემ, დარკო გლიშიჩმა და ჩისკო მუნიოსმა, თითო გოლი კი გივი კვარაცხელიამ, გიორგი მერებაშვილმა და პატრიკ ვუომ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024