დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის პირველი წრის ბოლო შეხვედრას რუსთავში, ადგილობრივი მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. 3 ნოემბერს ფოლადის სტადიონზე მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად დაპირისპირების როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
რუსთავის საფეხბურთო კლუბი მეტალურგი 1948 წელს დაარსდა. გუნდმა დაარსებიდან დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. რუსთავულმა კლუბი 2011 წელდა ასპარეზობას პირვანდელი სახელწოდებით აგრძელებს. რუსთავის მეტალურგი საშინაო შეხვედრებს ქალაქის ცენტრალურ არენაზე – ფოლადზე მართავს, რომელიც 6 200 მაყურებელს იტევს. მეტალურგის საკლუბო სიმბოლიკა ძირითადად წითელ და თეთ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ – 2006/2007 და 2009/2010 წლებში მოიპოვა. 2007 წელს გუნდმა საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში იმარჯვა.
მწვრთნელი და მეტალურგი
რუსთავის მეტალურგის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე წლის ივნისის თვიდან გელა სანაია მუშაობს. გელა სანაიას თავკაცობით რუსთავის მეტალურგი ათი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. მიმდინარე სეზონში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე წარმატებით ასპარეზობს რუსთავის მეტალურგი და ფოთის კოლხეთთან გამართულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში გათამაშების მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
დინამომდე...
რუსთავის მეტალურგმა მიმდინარე სეზონში 14 ოფიციალური მატჩი (10 უმაღლეს ლიგაში / 4 საქართველოს თასზე) გამართა. უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 10 მატჩიდან მეტალურგმა 5 შეხვედრა (ჩიხურა 2:3 მეტალურგი, მეტალურგი 1:0 სპარტაკი, მეტალურგი 1:0 ზუგდიდი, მეტალურგი 6:1 მერანი, სიონი 0:1 მეტალურგი) მოიგო, რუსთავული გუნდი 2 შემთხვევაში მეტოქეს საყაიმო ანგარიშით (მეტალურგი 0:0 ზესტაფონი, ტორპედო 1:1 მეტალურგი) დაშორდა. გელა სანაიას გაწვრთნილმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში 3 შეხვედრა ( ვიტ ჯორჯია 5:2 მეტალურგი, გურია 3:1 მეტალურგი, დილა 3:0 მეტალურგი) დათმო. საქართველოს თასზე რუსთავულმა კლუბმა 1/16 ფინალში პირველ ლიგაში მოასპარეზე გაგრა ორი მატცის ჯამში – 3:1 (2:0 / 1:1) დაამარცხა, თასის 1/8 ფინალში კი მეტალურგმა ფოთის კოლხეთს ორი შეხვედრის ჯამში 5:1 (2:0 / 3:1) დაამარცხა.
დინამო VS მეტალურგი
ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 29 მოგება, 9 ფრე და 8 მარცხი, ბურთების შეფარდება 94:37 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 7–ჯერ დაფიქსირდა და შვიდივეჯერ დინამოს სასარგებლოდ. ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და მეტალურგის უკანასკნელი დაპირისპირება გასული სეზონის პირველი ეტაპის მეთორმეტე ტურში შედგა. 2012 წლის 31 ოქტომბერს დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა მეტოქე მშრალი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში რუსთაველთა კარში თითო გოლი ჯაბა დვალმა და გივი კვარაცხელიამ გაიტანეს, რუსთაველთა მცველმა, ალექსანდრე ინწკირველმა კი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოდან გიორგი სეთურიძე გამოტოვებს, რომელმაც ქუთაისის ტორპედოსთან მოგებულ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და გაფრთხილებების ლიმიტი ამოწურა. თავის მხრივ ფოლადზე გასამართ შეხვედრას დააკლდება რუსთაველთა მცველი, ლევან კაკუბავა, რომელმაც სიონთან მოგებულ მატჩი მსაჯისგან გაფრთხილება მიიღო და სამი გაფრთხილება დაუგროვდა.
მეტალურგი vs დინამო – მატჩის მსაჯი
უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი სტუმრად, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს, ლაშა სილაგავა განსჯის. შეხვედრის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ლევან თოდრია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტთა ფუნქციებს დავით ხარიტონაშვილი და არსენ ნონიკაშვილი შეასრულებენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ნინუა იქნება.
ლაშა სილაგავამ ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად 7 ივლისს, დინამო მოსკოვთან გამართული ამხანაგური შეხვედრა იმსაჯა. ფრედ დასრულებულ შეხვედრაში ლაშა სილაგავამ თბილისელთაგან შაშიაშვილი, მოსკოველთა რიგებიდან კი სმოლოვი, გატაგოვი, ტაშაევი, ფლორესკუ, ზობნინი და ფერნანდესი გააფრთხილა.
მეტალურგის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში რუსთაველთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ბედიაშვილი – გავაშელიშვილი, მახვილაძე, ორბელაძე, სუხიაშვილი – დობროვოლსკი, გეწაძე, რაზმაძე, კირკიტაძე, კორღალიძე – ბერიაშვილი, ფიფია