კვირას, 3 ნოემბერს ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. 3 ნოემბერს დინამო თბილისს 13 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 6 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 6 შეხვედრა კი ფრედ, 1 შეხვედრაში კი დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 24:10–ზე არის.
ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელებმა 3 ნოემბერს პირველი მატჩი 1990 წელს გამართეს. ჩვენმა გუნდმა გასვლითი მატჩში წყალტუბოში, ადგილობრივი სამგურალის წინააღმდეგ ფრედ, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 ითამაშეს.
1991 წლის 3 ნოემბერს დინამომ ხობის კოლხეთს უმასპინძლა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 4:2 სძლია. მეტოქის კარში ორი გოლი ზაზა რევიშვილმა გაიტანა, თითო ბურთი კი კახი კაჭარავას და შოთა არველაძის პირად აქტივშია.
2000 წლის 3 ნოემბერს ჩვენმა ფეხბურთელებს საშინაო მატჩი თბილისის თსუ–ს წინააღმდეგ გამართეს. მატჩი დინამოელთა გამარჯვებით – 4:1 დასრულდა. მეტოქის კარში გოლები პაატა ჯინჭარაძემ, თემურ გადელიამ, რობერტ ზირაქიშილმა და გიორგი მიქაძემ გაიტანეს.
სსრკ პირველობაზე 3 ნოემბერს დინამოელებმა პირველად 1938 წელს თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ ითამაშეს. შეხვედრა ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით – 4:1 დასრულდა. დედაქალაქურ დაპირისპირებაში ორი გოლი გაიტანა ბორის პაიჭაძემ, თითო ბურთი კი გაიოზ ჯეჯელავამ და მიხეილ ბერძენიშვილმა შეაგდეს.
1940 წლის 3 ნოემბერს დინამომ მოსკოვის მეტალურგს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 6:2 დაამარცხა. მოსკოვური გუდის კარში ორ–ორი გოლი გაიოზ ჯეჯელავამ და ვიქტორ ბერეჟნოიმ გაიტანეს, თითო ბურთი კი ბორის პაიჭაძის და მიხეილ ბერძენიშვილის პირად აქტივშია.
1964 წლის 3 ნოემბერს დინამომ მინსკენ თანაკლუბელებს უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხა. ბელორუსთა კარში ორი გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა, ერთი ბურთი კი მიშა მესხმა შეაგდო.
1967 წლის 3 ნოემბერს დინამომ მოსკოვში ადგილობრივი ტორპედოს წინაარმდეგ იასპარეზა. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი გივი ნოდიამ გაიტანა.
1968 წლის 3 ნოემბერს დინამომ სტუმრად, ოდესის ჩერნომორეცის წინააღმდეგ ფრედ – 1:1 ითამაშა. უკრაინული გუნდის კარში გოჩა გავაშელმა გაიტანა.
1969 წლის 3 ნოემბერს დინამომ სტუმრად ბაქოს ნეფთჩის წინააღმდეგ ითამაშა. დაპირისპირება ფრედ – 1:1 დასრულდა, მეტოქის კარში გოლი სერგო კუტივაძემ გაიტანა.
1971 წლის 3 ნოემბერს დინამომ იმჟამინდელი ვოროშილოვგრადის (ლუგანსკის) ზარიას უმასპინძლა. თბილისში გამართული მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა.
1974 წლის 3 ნოემბერს თბილისში გამართული დინამოსა და ლვოვის კარპატის შეხვედრა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.
1985 წლის 3 ნოემბერს დინამომ სტუმრად, ალმა ატის კაირატის წინააღმდეგ იასპარეზა. დაპირისპირება ფრედ – 0:0 დასრულდა.
3 ნოემბერს დინამო თბილისს ევროთასებზე ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული. ჩვენი გუნდი 1976 წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/8 ფინალში უნგრულ მტკ–ს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.