დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ შეხვედრას ხვალ გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხე ადგილოსანი - პლოვდივის ლოკომოტივი იქნება.
რკინიგზელების გუნდი 1926 წელს დაარსდა და არაერთხელ შეიცვალა სახელი. თავიდან ერქვა სპორტკლუბი, 1945 წლიდან სპორტკლუბი პარჩევიჩი-45, 1946 წელს სლავია დაერქვა, 1947 წელს სლავია ჩენგელოვი, 1949 წელს ისევ მხოლოდ სლავია და იმავე წელს ტორპედოზე შეუცვალეს სახელი. 1951 წლიდან კი უკვე ლოკომოტივი დაერქვა. პლოვდიველები 13 000-იან ლოკომოტივის სტადიონზე თამაშობენ, საკლუბი ფერებით თეთრი, შავი და წითელია.
ლოკომოტივისთვის დასამახსოვრებელი და ტიტულოვანი 2003/2004 სეზონი გამოდგა, როდესაც ბულგარელებმა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულთან ერთად სუპერთასიც მოიპოვეს. სუპერთასი ჩვენმა მეტოქემ 2020 წელსაც აღმართა, ბულგარეთის თასი კი მიჯრით ორჯერ - 2018/19 და 2019/20 წლებში მოიგეს. მიმდინარე ჩემპიონატში 18 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 33 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებენ.
ბულგარელები თურქულ შეკრებაზე 15 იანვრიდან იმყოფებიან, ანტალიაში წამოსვლამდე კი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ხებერთან ისპარინგა და 0-1 დამარცხდა. პლოვდიველთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2022 წლიდან ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - ალექსანდრ ტომაში მუშაობს.
დინამოსა და ლოკომოტივის გზები 2019 წელს სწორედ თურქულ შეკრებაზე გადაიკვეთა. 28 იანვარს გამართული მატჩი საყაიმო ანგარიშით 2-2 დასრულდა. გოლები დინამოს ფორმით ანტონიო როხანომ და დმიტრო ივანისენიამ გაიტანეს.