• Geo
  • Eng
21.08.2013
დინამოს მატჩისწინა პრესკონფერენცია

ხვალ, 22 აგვისტოს დინამო თბილისი ევროპის ლიგის ფლეი–ოფის შეხვედრას ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართავს. დღეს დინამო არენის მედია დარბაზში დინამოელების მატჩისწინა პრეფკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტთა წინაშე გუნდის ჩეხი მთავარი მწვრთნელი – დუშან უჰრინი და ირაკლი ძარია წარსდგნენ.

 

დუშან უჰრინი – ხვალ რთული თამაში გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ გუნდთან შეხვედრას დიდი ხანია ველით. სათანადოდ ვაფასებთ მეტოქეს და ვიცით, თუ რა დონის მეტოქეა. ხვალ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მოგება იქნება. გუშინ ყარაგანდის შახტარმა გლაზგოს სელტიკი დაამარცხა, სელტიკისა და ტოტენჰემის ერთმანეთთან შედარებას არ ვაპირებ, თუმცა ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

 

ირაკლი ძარია – ტოტენჰემს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება, ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა დონის გუნდთან გვიწევს თამაში, შესაბამისად ხვალ რთული შეხვედრა გველის. ყველანი მაქსიმალურად ვემზადებით. ყველას გამარჯვება გვსურს და გვინდა დინამო არენაზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ. ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამიცდა. ერთი კვირაა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ – მზად ვარ. ხვალინდელ მატჩში ვითამაშებ თუ არა, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუმცა იმ დროის განმავლობაში, რომელიც მომეცემა, თავს არ დავზოგავ და მაქსიმალურად დავიხარჯები მოედანზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024