დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის საფეხბურთო მოედანზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო–2 საფეხბურთო კლუბ გაგრას დაუპირისპირდა. მეტად დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.
ვასილ მაისურაძის შეგირდებმა სათამაშო უპირატესობა მატჩის დებიუტშივე მოიპოვეს. დინამოელებს ანგარიშის გახსნა 16–ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ნიკა დიასამიძემ ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა. შეხვედრის 21–ე წუთზე დინამოელთა შეტევა გოლით დასრულდა, მეტოქის კარი ბუბა რუხაძემ დალაშქრა, რომელმაც ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა – 1:0. ზუსტად ერთ წუთში გაგრა კიდევ ერთ გაშვებულ ბურთს გადაურჩა, ბუდუ ზივზივაძის თავური დარტყმა მეკარე გიორგი ბეგაშვილმა მოიგერია.
მეორე ტაიმში როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის კართან სახიფათო მომენტები კიდევ უფრო ხშირად იქმნებოდა. 52–ე წუთზე ბიძინა მახარობლიძის დარტყმული ბურთი კვლავ სტუმართა კიპერმა მოიგერია. ჩვენმა ფეხბურთელებმა 53–ე წუთზე კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს, საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთზე ბექა მელიქიძემ კარგად ითამაშა და მეტოქის კარის დალაშქვრა თავით სცადა, თუმცა მისმა დარტყმული არაზუსტი გამოდგა. დინამოელებს ანგარიშში სხვაობის გაზრდა 59–ე წუთზე შეეძლოთ, მრავალცვლიანი კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე საბა ლობჟანიძე აღმოჩნდა, თუმცა მისი გასროლი ბურთი კარის ძელმა აისხლიტა. 66–ე წუთზე დინამო–2 გაშვებული გოლისგან ლევან ტყეშელაშვილმა იხსნა, დინამოელთა კიპერმა თამაზ ჟიშკარიანი დარტყმული ნახტომში მოიგერია. 72–ე წუთზე ჩვენი გუნდის მეკარემ კიდევ ერთხელ გადაარჩინა საკუთარი გუნდი, ლევან ტყეშელაშვილმა ამჯერად ჯონი ჯერემიას დარტყმული ბურთი აიღო. 86–ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომლის შედეგადაც მათ ანგარიშში წონასწორობის აღგენა მოახერხეს. სტანდარტიდან საჯარიმოსკენგაგზავნილი ბურთი გუგა ფალავანდიშვილს მიუვიდა, რომელმაც ზუსტად შეარჩია პოზიცია, ხეირიანად დაარტყა და ანგრიში გაათანაბრა – 1:1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გუნდებმა თითო საგოლე ეპიზოდი გაცვალეს. 91–ე წუთზე სტუმრებმა მორიგი სახიფათო იერიში განახორციელეს. ლევან ტყეშელაშვილმა ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა და გიგა ჯუღელის დარტყმული აიღო. 92–ე წუთზე მეტოქის კარის აღება საბა ლობჟანიძეს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. მალევე მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა, შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.
დინამო–2 1:1 გაგრა
გოლები: 1:0 რუხაძე 21’ 1:1 ფალავანდიშვილი 86’
დინამო–2: ტყეშელაშვილი, შერგელაშვილი, მელიქიძე, თევზაძე, კაკაბაძე, მახარობლიძე, გვაზავა (კიტოვანი 46’), ლობჟანიძე, დიასამიძე (მურცხვალაძე 46’), რუხაძე, ზივზივაძე (ოთარაშვილი 80’)
გაგრა: ბეგაშვილი, კალანდაძე (ჭაბუკიანი 69’), ფიფია (გადრანო 46’), ბარაბაძე, ზარნაძე, ფალავანდიშვილი, ქარდავა (წაწკრიალაშვილი 31’), ჭკუასელი, ჯერემია, ჟიშკარიანი, ჯუღელი
გაფრთხილება: მელიქიძე, კიტოვანი, შერგელაშვილი