• Geo
  • Eng
31.10.2022
დინამო - ტორპედო | ურთიერთშეხვედრები თასზე

2 ნოემბერს ზესტაფონი დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის ნახევარფინალს უმასპინძლებს, რომელშიც ტორპედო დინამოს დაუხვდება.

 

დინამო vs ტორპედო. ეს აფიშა ეროვნული ჩემპიონატის გარდა, სათასო დაპირისპირებაშიც ტრადიციული და უკომპრომისო გახლავთ. ამ გუნდების გზები თასზე, აქამდე 7-ჯერ გადაიკვეთა. 11 ჩატარებული მატჩიდან კი დედაქალაქელებმა 6 მოიგეს და 4 ყაიმით დაასრულეს, გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 17/8. 7 დუელიდან დინამომ 4-ჯერ იმარჯვა და ოთხივეჯერ თასიც აღმართა. ერთ შემთხვევაში სწორედ ფინალში მოიგო დედაქალაქურმა გუნდმა.

ქართული დერბი თასზე 7-დან 5-ჯერ გათამაშების ნახევარფინალში შედგა, გუნდებს სწორედ 2 ნოემბერსაც ნახევარფინალი ელით.

 

პირველად თბილისური და ქუთაისური გუნდები თასზე 1992 წელს გადაიკვეთნენ. 1/2 ფინალის პირველი მატჩი 29 აპრილს თბილისში გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. გოლები გელა ინალიშვილმა და კახა კაჭარავამ გაიტანეს. საპასუხო მატჩი ქუთაისში 13 მაისს შედგა და ფრედ 1-1 დასრულდა. შოთა არველაძემ, რომელიც ამ სათასო პაექრობების ბომბარდირია, პირველად აიღო ქუთაისელთა კარი. (საბოლოოდ დინამომ თასიც მოიპოვა. დინამო 3-1 ცხუმი)

მომდევნო წლის 6 მაისს ეს გუნდები გათამაშების ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. დინამომ სახლში დიდი ანგარიშით 3-0 დაჯაბნა მეტოქე. შოთა არველაძემ ხსენებულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი გაიფორმა. 14 მაისს თბილისელებმა ქუთაისელებს გასვლაზე ერთის წილ ისევ სამი გოლი გაუტანეს. თავი ტყუპებმა გამოიჩინეს. აჩიმ დუბლი შეასრულა, შოთიმ კი საერთო ჯამში მეხუთე გოლი გაუტანა ტორპედოს. (დინამომ ამ შემთხვევაშიც აღმართა თასი. დინამო 4-2 ბათუმი)

მესამედ დინამო/ტორპედო 2000 წლის 2/9 მაისს ნახევარფინალში შედგა. ორივე პაექრობა საყაიმო ანგარიშით დასრულდა. თბილისელებმა სახლში ვალტერ გუჩუას გოლით 1-1 ითამაშეს, ქუთაისურ შეხვედრაში კი გოლები არ გასულა და ტორპედომ სტუმრად გატანილი გოლით ფინალის საგზური მიიღო, რომელშიც ლოკომოტივთან დამარცხდა.

2004 წელს პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად ქართული დერბი საქართველოს თასის ფინალში შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დინამოელებმა მეტოქეს 2-1 მოუგეს და თასიც მერვედ დაისაკუთრეს. გოლები ფინალში მეტოქეს შოთა კაშიამ და ლევან სილაგაძემ გაუტანეს.

2015 წელს გუნდები, ამ პაექრობების ყველაზე ადრეულ ეტაპზე 1/4 ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. 2 დეკემბერს დინამომ გიორგი ქვილითაიას გოლით სტუმრად 1-0 იმარჯვა, 16 დეკემბერს კი სახლში 2-1 მოუგო ტორპედოს. გიორგი ქვილითაიამ დინამო არენაზეც გამოიჩინა თავი, მეორე გოლი კი მათე ცინცაძის ანგარიშზეა. (აქაც ფინალში საბოლოოდ დინამომ იმარჯვა. დინამო 1-0 სიონი)

მომდევნო წლის 2 ნოემბერს დინამომ მეტოქეს ნახევარფინალში უმასპინძლა. ერთმატჩიანი პაექრობა ქუთაისელებმა 3-2 მოიგეს. იმერელთა კარში ორივე გოლი ჯამბულ ჯიღაურმა გაიტანა. (ფინალში ტორპედომ მარტვილის მერანთან მოიგო)

ბოლოს თასზე დინამოს და ტორპედოს გზები 2017 წელს ნახევარფინალში გადაიკვეთა. 1 ნოემბერს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული დუელი 0-0 მორჩა. პენალტების სერიაში მასპინძლებმა იმარჯვეს და ფინალშიც გავიდნენ, სადაც საჩხერის ჩიხურასთან ასევე პენალტებში დამარცხდნენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024