• Geo
  • Eng
09.11.2013
ზესტაფონი vs დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXV  ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრას სტუმრად, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 10 ნოემბერს დაპირისპირებას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი კი ტრადიულად ტექსტურ და ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

 

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი 2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა, ამავე წელს საქართველოს XIV ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო და მას შემდეგ უმაღლესი ლიგა არ დაუტოვებია. ზესტაფონი საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 4 600 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. თავისი პირველი ტიტული ზესტაფონმა 2007/2008 წლების სეზონში მოიპოვა – იმერელმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში თბილისის ამერი ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. 2010/2011 წლების სეზონში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამავე სეზონში მარგველმა ფეხბურთელებმა საქართველოს სუპერთასის მოგებაც მოახერხეს. ზესტაფონმა ჩემპიონობა უკანასკნელად 2011/2012 წლების სეზონში იზეიმა, გუნდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოქროს მედლების მოპოვება. ამავე სეზონში ზესტაფონის საუკეთესო ბომბარდირი 20 გატანილი გოლით ჯაბა დვალი გახდა, რომელიც ამჟამად ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს.

მწვრთნელი და ზესტაფონი

 

მიმდინარე სეზონის სტარტზე ზესტაფონის თავკაცად სერბი სპეციალისტი, რატკო დოსტონიჩი დაინიშნა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე რატკოდოსტონიჩმა ოთხი თვე იმუშავა და ოქტომბრის მიწურულს იმერულ კლუბს დაემშვიდობა. ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელად კი კვლავ გია გეგუჩაძეს უხმეს, რომელთან ერთადაც ზესტაფონმა არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა. ხვალ, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზესტაფონელთა ახალი მთავარი მწვრთნელის პირველი ოფიციალური მატჩი შედგება.

 

დინამომდე...

სეზონის სტარტზე დინამო არენაზე გამართული დინამო 2:1 ზესტაფონის შემდეგ მარგველებმა უმაღლეს ლიგაში 10 შეხვედრა ჩაატარეს. ზესტაფონმა 4 შეხვედრა გამარჯვებით (ზესტაფონი 2:0 დილა, ზესტაფონი 1:0 გურია, ზუგდიდი 0:3 ზესტაფონი, მერანი 0:2 ზესტაფონი) დაასრულა, 3 მატჩში მეტოქეს საყაიმო ანგარიშით (მეტალურგი 0:0 ზესტაფონი, ზესტაფონი 1:1 ვიტ ჯორჯია, ზესტაფონი 0:0 სიონი) დაცილდნენ, სამ შემთხვევაში კი ჩვენი მომავალი მეტოქე (ზესტაფონი 2:3 ტორპედო, ჩიხურა 1:0 ზესტაფონი, სპარტაკი 1:0 ზეტსაფონი) დამარცხდა.

დინამო VS ზესტაფონი

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 30–ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 16 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 8 შემთხვევაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 43:27–ზე არის. უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის მიმდინარე სეზონის სტარტზე, დინამო არანაზე გაიმართა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და ჩისკო მუნიოსმა გაიტანეს.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

ხვალინდელ შეხვედრას დინამოელები დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდებიან, ზესტაფონიდან კი მატჩს თევდორე გრიგალაშვილი დააკლდება, რომელმაც ბოლნისის სიონთან გამართულ უკანასკნელი ტურის მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ვადაზე ადრე დატოვა.

ზესტაფონი VS დინამო – მსაჯი

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ზესტაფონში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავენ, სირიელი არბიტრი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და დ. ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ა. კრიჭაშვილი და ა. ნონიკაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი მ. ბეუქლიშვილი შეასრულებს.

 

ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

კვასხვაძე – თორნიკე გრიგალაშვილი, კანდელაკი, ტერზიჩი, აჟურუ – რენე, სამუშია, კუტალია, შარიქაძე – გურული, ქობალია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024