დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეშვიდე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ესტონეთის პირველობის მეორეადგილოსანი - ლევადია იქნება.
ლევადია 1998 წელს მაარდუში დაარსდა და 2004 წელს გადაბარგდა ტალინში. გუნდი საშინაო მატჩებს 14 000-იან ლილეკულა სტადიუმზე (ლე ქოკ არენა) თამაშობს, საკლუბი ფერები კი თეთრი და მწვანეა.
ლევადია 1999 წლიდან ასპარეზობს ესტონურ უმაღლეს ლიგაში და დივიზიონი არასდროს დაუტოვებია. ესტონეთის ჩემპიონობა (მეისტრილიგა) ლევადიამ 10-ჯერ მოიპოვა. ტალინურმა გუნდმა ასევე 10-ჯერ აღმართა ესტონეთის თასი და 8-ჯერ სუპერთასი. შარშანდელი სეზონი ლევადიამ მოგებული სუპერთასით და ჩემპიონატში მოპოვებილი ვერცხლის მედლებით აღნიშნა.
დინამოსა და ლევადიას გზები 2005-2006 სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა. დინამოელებმა 12 ივლისს ტალინში მინიმალური სხვაობით 0-1 დათმეს შეხვედრა, ხოლო ერთ კვირაში დინამო არენაზე თბილისელებმა 2 უპასუხო გოლით იმარჯვეს. პირველი ტაიმის ბოლოს ლევან მელქაძემ გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დებიუტში კი მეორე გოლი სერგო ორბელაძემ გაიტანა.
ესტონელები თურქულ შეკრებაზე 4 თებერვალს ჩამოვიდნენ და დინამოსთან თურქეთში მზადების პირველ მატჩს ჩაატარებენ. მანამდე კი გუნდი ადგილზე ემზადებოდა. 14 იანვარს ლევადია ნარვას 1-1 დაუზავდა. გოლი ნიკიტა დრონოვმა გაიტანა, 20 იანვარს თანაქალაქელ ფლორას 2-1 ფელიპე ფელლისიუს დუბლით აჯობეს. 27 იანვარს ტარტუ 4-1 დაამარცხეს. ფელისიუს დუბლს, თითო გოლი ზაქარია ბეგლარიშვილმა და ერნესტ გირიმ მიამატეს. ტალინელებმა 3 თებერვალს პაიდესთან 1-1 ითამაშეს, გოლი კი ლუცის ანგარიშზეა. ქართველი შემტევი ზაქარია ბეგლარიშვილი ტალინურ გუნდში 2021 წლიდან ასპარეზობს.
ტალინელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2022 წლიდან ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი და ვალენსიას ყოფილი ფეხბურთელი - კურო ტორე მუშაობს.