დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეექვსე ამხანაგურ შეხვედრას ხვალ გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე მაკედონიის ჩემპიონი - შკუპი იქნება.
სკოპიეს გუნდი 1927 წელს დაარსდა და 2012 წლამდე სლოგა იუგომაგნატის სახელით ასპარეზობდა, შემდეგ კი გუნდს შკუპი ეწოდა. შკუპი 16 000-იან ჩაირიტი სტადიუმზე თამაშობს, საკლუბი ფერები კი თეთრი და ლურჯია.
შკუპი 2021/2022 სეზონში პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ეს საუკეთესო მიღწევაა ამ გუნდის ისტორიაში. ერთი წლით ადრე სკოპიეს გუნდმა გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა. მიმდინარე ჩემპიონატში 16 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 34 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ, ჩამორჩებიან რა პირველადგილოსან სტრუგას სამი ქულით, თუმცა ერთი ჩასატარებელი მატჩით მარაგში.
შკუპმა მიმდინარე ევროსეზონი ზაფხულში გიბრალტარის ლინკოლნთან გამარჯვებით გახსნა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში სკოპიეს გუნდი ზაგრების დინამოსთან დამარცხდა, რასაც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიურ შემროკ როვერსთან მარცხიც მიაყოლა. საბოლოოდ მაკედონიური გუნდი კონფერენს ლიგის პლეი ოფში კოსოვოს ბალკანთან დამარცხდა.
მაკედონიელები თურქულ შეკრებაზე 28 იანვრიდან იმყოფებიან და ეს მათი მზადების მეორე ფაზაა. ანტალიაში წამოსვლამდე კი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მზადება ოჰრიდში გაიარა. 16 იანვარს შკუპი პობედას ესპარინგა და 4-2 დაამარცხა მეტოქე. გოლები მარიო მლადენოვსკიმ, ვალიდ ჰამიდიმ, ანჯელ ტიმოვსკიმ და გაგი მარგველაშვილმა გაიტანეს. გაგი მარგველაშვილი ბათუმის დინამოდან ერთი წლის წინ გადავიდა მაკედონიაში. შკუპი 31 იანვარს, ანტალიაში უკრაინულ ოლექსანდრიას ესპარინგა და 2-1 იმარჯვა. გოლები პეპი გორგიევმა და ქვინ ინასიომ გაიტანეს. სკოპიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2021 წლიდან ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი და მაკედონიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი - გოცე სედლოსკი მუშაობს.