საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უელსის წინააღმდეგ გამართა. მოზარდმა ჯვაროსნებმა მეტოქეს დიდი ანგარიშით - 5:1 სძლიეს. ნაკრების 18 კაციან განაცხადში მყოფი ოთხი დინამოელიდან დღევანდელ მატჩში სამმა - ალექსანდრე გურეშიძემ, ოთარ კაკაბაძემ და გიორგი პაპუნაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზეს. კიდევ ერთი დინამოელი, გიგა სამხარაძე კი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. უელსის ნაკრების კარში გასული გოლი დინამოელებმა, ალექსანდრე გურეშიძემ და გიორგი პაპუნაშვილმა შექმნეს, ამ უკანასკნელმა მეკარეს ოსტატური დარტყმით თავსზემოთ გადაავლო ბურთი და დაპირისპირების 22-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა. უელსელ თანატოლთა კარში კვლავ დინამოელმა, ალექსანდრე გურეშიძემ გაიტანა, მან თავი შეხვედრის 43-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 3:0 გახდა.
გიორგი პაპუნაშვილი მოედანზე 66-ე წუთზე ლევან შენგელიამ შეცვალა, ორმა დინამოელმა - ოთარ კაკაბაძემ და ალექსანდრე გურეშიძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს.