აფხაზეთის ომში დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირზე დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ბენდელას თასის XXIII გათამაშების სტარტი დინამოელთათვის წარუმატებელი გამოდგა.
დინამო თბილისის სარეზერვო გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც კახი გოგიჩაიშვილი გახლავთ, უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით - 0:4 დასრულდა. მცხეთა პარკზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში ტაიმის დებიუტში გახსნეს. მესამე წუთზე გოლი ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში, დაპირისპირების 51-ე წუთზე, მატჩის მთავარმა არბიტრმა დინამოელთა კარის მიმართულების თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, პენალტის შესასრულებლად ბურთთან გიორგი კორიფაძე მივიდა, თუმცა მისი დარტყმული ჩვენი გუნდის კიპერმა, ლევან ისიანმა მოიგერია, დამატებაზე კი ლევან კუხალეიშვილმა გაიტანა. მატჩის 75-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამამდე გაიზარდა, გოლი ერეკლე ხვისტანმა გაიტანა, საფინალო რეზულტატი კი 79-ე წუთზე დაფიქსირდა, გატანილი გოლით ამჯერად ვანო კურდღელაშვილი გამოირჩა.
დინამო თბილისის სარეზერვო გუნდი ბენდელას თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს 26 იანვარს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ალგეთის წინააღმდეგ გამართავს.
ვიტ ჯორჯია 4:0 დინამოს დუბლები
გოლები: ლობჯანიძე 3' კუხალეიშვილი 51' ხვისტანი 75' კურდღელაშვილი 79'
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მჭედლიშვილი, ღონღაძე, გეთიაშვილი, იაშვილი, წყაროზია, გახარია, კორიფაძე, ღიბრაძე, სიჭინავა, ლობჯანიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჩალიგავა, საბაძე, ჩიტიშვილი, კალანდია, კურდღელაშვილი, დემეტრაშვილი, კუხალეიშვილი
დინამოს დუბლები: ისიანი, ჭიღვარია (გალდავაძე 55’), თევზაძე, შენგელია (ნემსაძე 45’), გურეშიძე (მურუსიძე 61’), კახნიაშვილი, კვარაცხელია (სადღობელაშვილი 76’), მარაქველიძე (კვერნაძე 55’), არჩილ მესხი, ცოტნე მესხი (ვეკუა 45’), როსტიაშვილი (კობახიძე 64’)