30 ნოემბერს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს.
ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და სპარტაკი ერთმანეთს 18–ჯერ დაუპირისპირდნენ 13 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი. 37 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 10 გოლი – ასეთია დედაქალქელთა მონაგარი.
ეროვნული ჩემპიონატის პირველი ჩემპიონატის მეოთხე და მეოცე ტურებში, 1990 წლის 17 აპრილსა და აგვისტოს, თბილისელებმა ცხინვალის ლიახვი შესაბამისად 4:1 და 7:0 დაამარცხეს. სპარტაკთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ ერთადერთი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 1:2 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს სპარტაკი ანგარიშით 3:0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 აჯობა მეტოქეს.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და სპარტაკს შორის 17 სექტემბერს გაიმართა. დაპირისპირება დინამო არენაზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. ცხინვალის სპარტაკის კარში გოლები დორინ გოგამ და ლევან ხმალაძემ გაიტანეს.