• Geo
  • Eng
25.11.2013
დუბლები დილასთან დამარცხდნენ

დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეცამეტე ტურის მატჩი დინამოელებმა საკუთარ მოედანზე გამართეს. ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა, გორის დილას სარეზერვო გუნდს უმასპინძლეს. დაპირისპირება ჩვენი გუნდის მარცხით – 2:3 დასრულდა.

 

თამაში დინამოელთა უპირატესობით დაიწყო. შეხვედრის დაწყებიდან ექვს წუთში სტუმრები რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ირაკლი ლექვთაძის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისთვის მატჩის მთავარმა არბიტრმა გორელთა რიგებიდან ლუკა ნოზაძე გააძევა. დილას კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა ვანო წილოსანმა შეასრულა, თუმცა მისი დარტყმული სტუმართა კიპერმა მოიგერია. მეცამეტე წუთზე დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს, გატანილი გოლით ლაშა შინდაგორიძე გამოირჩა – 1:0.  პირველი ტაიმის მიწურულს, შეხვედრის 38–ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, გოლი აკაკი სირბილაძემ გაიტანა – 1:1

მეორე ტაიმში გორის დილას სარეზერვო გუნდმა სახიფათო მომენტები მრავლად შექმნა. შეხვედრის 56–ე წუთზე ირაკლი ლექვთაძეს მსაჯმა ყვითელი ბარათი მეორედ უჩვენა და მეტოქის მსგავსად დინამოელებმაც ათი კაცით განაგრძეს თამაში. ჩვენი გუნდის კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა 62–ე წუთზე თენგიზ წიქარიძემ გოლად აქცია და საკუთარი გუნდი დააწინაურა – 1:2. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. მატჩის 72–ე წუთზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა გიორგი პაპუნაშვილს, თუმცა მისი თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია, 75–ე წუთზე ფლანგური გარღვევის შემდეგ არჩილ მესხი ცდილობდა მეტოქის კარის აღებას, თუმცა ამჯერადაც დილას კიპერმა, დავით ლეგაშვილმა ითამაშა ზუსტად. კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა ანგარიშში თანაფარდობა 81–ე წუთზე აღადგინეს. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი გორელთა კარის ბადეში დავით ვოლკოვმა გახვია – 2:2. დღევანდელი დაპირისპირების საფინალო რეზულტატი კი 88–ე წუთზე დაფიქსირდა. სტუმართა ერთ–ერთი უკანასკნელი იერიშს დინამოს კარში გატანილი გოლი მოჰყვა, გორელთაგან თავი გიორგი დიასამიძემ გამოიჩინა – 2:3.

 

დინამო 2:3 დილა

გოლები:

1:0 შინდაგორიძე 13’

1:1 სირბილაძე 38’

1:2 წიქარიძე 62’

2:2 ვოლკოვი 81’

2:3 დიასამიძე 88’

 

დინამო: კულუა, ბაჩიაშვილი, ჯაფიაშვილი, სამხარაძე, მურუსიძე (ნემსაძე 46’), ჭეჭელაშვილი, წილოსანი (ვოლკოვი 40’), ლობჟანიძე (კახნიაშვილი 81’), შინდაგორიძე (მესხი 55’), პაპუნაშვილი, ლექვთაძე

 

დილა: ლეგაშვილი, ტაბატაძე (ქარელი 51’), ლუკა ნოზაძე, ტიტვინიძე, ლაცაბიძე, წიქარიძე, დიასამიძე, გიორგი ნოზაძე (ჩხიკვაძე 89’), სირბილაძე, გაბაშვილი (ნონიკაშვილი 79’), ლომიძე

 

გაფრთხილება: ლექვთაძე 37’ ჯაფიაშვილი 60’ – გიორგი ნოზაძე 25’

გაძევება: ლექვთაძე 56’ – ლუკა ნოზაძე 6’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024