დღეს თბილისის ზღვის საფეხბურთო მოედანზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გაგრამ დინამოს უმასპინძლა.
მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშიც მალევე გახსნეს. მე-9 წუთზე ზუსტი დარტყმა იმრან ულად ომარის ანგარიშზეა. ამის შემდეგ ფრანსის ნზაბამ მიიღო ტრავმა და მის ნაცვლად მოედანზე საბა ხვადაგიანი გამოჩნდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, ანგარიში კი მასპინძლებმა 39-ე წუთზე მათეუს მარკონდელეს გოლით გაათანაბრეს 1-1. ტაიმის ბოლოს დინამომ ისევ მოახერხა დაწინაურება. სწარფი კონტრშეტევა თორნიკე კირკიტაძის გადაცემით და უსმანე კამარას გოლით დასრულდა. ტაიმი დინამომ 2-1 მოიგო. მეორე ნახევარი დინამომ ცვლილებით და ორი გოლით განაახლა. მოედანზე თორნიკე კირკიტაძის ნაცვლად გიორგი ხარაიშვილი გამოჩნდა, მატჩის განახლებისთანავე კი ლუკა კუტალაძემ გრძელი გადაცემით ზორან მარუშიჩი მეკარეს შეატოვა. სერბმა ფორვარდმა შანსი არ გაუშვა ხელიდან და გაგრას კარი აიღო, მომდევნო შეტევაში კი გოლი ახალგაზრდა გაბრიელ სიგუამ გაიტანა 1-4. 55-ე წუთზე მარუშიჩის ასისტით მეხუთე გოლი უსმანე კამარამ გაიტანა. გაგრელებმა 74-ე წუთზე თეიმურაზ შონიას გოლით სხვაობა შეამცირეს 2-5. ათიოდე წუთში შონიამ დუბლი შეასრულა და სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა. საბოლოოდ დინამოელებმა შეხვედრა 5-3 მოიგეს.
მომდევნო მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 13 მარტს გორში, სამგურალის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი