30 ნოემბერს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცხინვალის სპარტაკს დაუპირისპირდება. 30 ნოემბერს დინამო თბილისს 5 ოფიციალური მატჩი (3 ეროვნულ ჩემპიონატში, 2 სსრკ პირველობაზე) აქვს გამართული, საიდანაც დინამომ 3 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, 1 კი - ფრედ, 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 13:7-ზე არის.
ეროვნულ ასპარეზზე დინამო თბილისმა 30 ნოემბერს პირველად1993 წელს იასპარეზა. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში თბილისის შევარდენის წინააღმდეგ - 0:2 დამარცხდა.
1998 წლის 30 ნოემბერს დინამომ ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:1 დაამარცხა. ფოთელთა კარში სამ-სამი გოლი რატი ალექსიძემ და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს.
2008 წლის 30 ნოემბერს დინამო თბილისი სტუმრად ცხინვალის სპარტაკს დაუპირისპირდა. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 3:0 დასრულდა. მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა ილია სპასოევიჩმა, ერთი ბურთი კი გიორგი მერებაშვილმა შეაგდო.
სსრკ პირველობაზე დინამო თბილისმა 30 ნოემბერს პირველად 1939 წელს ითამაშა. ჩვენმა გუნდმა ოდესის დინამოს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით - 1:0 სძლია. უკრაინული გუნდის კარში გამარჯვების მომტანო გილი ბორის პაიჭაძემ გაიტანა.
1966 წლის 30 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა სტუმრად, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ითამაშა. დაპირისპირება ფრედ - 3:3 დასრულდა. ტორპედოს კარში სამივე გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა.