ხვალ გორში ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო სამგურალს უმასპინძლებს. შეხვედრა 19.00 საათზე დაიწყება.
დინამოსა და სამგურალის ურთიერთშეხვედრების ისტორია 27 მატჩს ითვლის. ამ შეხვედრებში უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა. დინამომ 16 მატჩი მოიგო და 4 დათმო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 73/21.
დიდი ანგარიშით თბილისელებმა 11-ჯერ იმარჯვეს, ამათგან აღსანიშნავი კი პირველ ჩემპიონატში 16 ივნისს 7-1 მოგებული მატჩია. გია გურულმა და კახა კაჭარავამ დუბლი შეასრულეს, დანარჩენი გოლები კი გოჩა ჩიქოვანმა, ზაზა რევიშვილმა და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. დინამომ მეტოქე იმავე ანგარიშით 7-1 1999 წლის 19 ნოემბერსაც დაამარცხა. დუბლი ამ შემთხვევაში რატი ალექსიძემ და კლიმენტი წიტაიშვილმა გაიფორმეს, სამი გოლი კი მიხეილ აშვეთიამ, ირაკლი ვაშაკიძემ და გიორგი შენგელიამ გაიტანეს. ყველაზე დიდი სხვაობა დინამოსა და სამგურალის პაექრობაში 1995 წლის 22 მაისს დაფიქსირდა, როცა დედაქალაქელებმა 7-0 იმარჯვეს. ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ შეაგდო, თითო შედეგიანი დარტყმა კი ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი კიკნაძემ, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ყიფიანმა და ლევან ცქიტიშვილმა შეასრულეს. ანგარიშით 6-0 დინამომ ორი შეხვედრა დაასრულა. 1996 წლის 1 აგვისტოს სამი დუბლი ლევან კობიაშვილმა, ლევან ხომერიკმა და გელა ინალიშვილმა ჩაიწერეს აქტივში. ხოლო 1999 წლის 23 მაისს გოლები მიხეილ აშვეთიამ (2), გიორგი კიკნაძემ, ამირან მუჯირმა, რატი ალექსიძემ და ზურა ხიზანიშვილმა გაიტანეს. ასევე ორჯერ მოიგო დინამომ ანგარიშით 4-0. 1991 წლის 30 მაისს გია ჯიშკარიანმა, კახა კაჭარავამ, შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გამოიჩინეს თავი. 1994 წლის 1 დეკემბერს ალექსანდრე იაშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. დინამოს ოთხი მარცხიდან ერთი შორეული 1991 წლის 29 ნოემბრით თარიღდება. დედაქალაქელებმა მატჩი 1-2 დათმეს, გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. 2021 წელს წყალტუბოელებმა ორჯერ აჯობეს დინამოს. 25 აპრილს წყალტუბოში 2-0 და 23 ივნისს თბილისში 2-1. ყველაზე ხშირად (ხუთჯერ) ამ გუნდებს შორის სწორედ 2-1 ანგარიშია დაფიქსირებული. 2022 წელს დინამო არენაზე მატჩი 18 აპრილს შედგა და გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა. 16 ივნისს წყალტუბოში მასპინძლებმა 2-1 მოიგეს. გოლი ბარნს ოსეის ანგარიშზეა. 10 სექტემბერს კი დინამომ დიდი ანგარიშით 3-0 იმარჯვა. გოლები ბარნს ოსეიმ, თორნიკე კირკიტაძემ და სტანისლავ ბილენკიმ გაიტანეს. ბოლოს ეს გუნდები 26 ნოემბერს გადაიკვეთნენ. კოკისპირული წვიმის ფონზე მიმდინარე შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, გოლი იმრან ულად ომარის ანგარიშზეა.