• Geo
  • Eng
29.11.2013
სპარტაკი VS დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXV  ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას სტუმრად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს. 30 ნოემბერს თამაში 14:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

ჩვენი მეტოქე

ცხინვალის საფეხბურთო კლუბმა, რომელიც 1936 წელს შეიქმნა, არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. ცხინვალის კლუბი, რომელიც სპარტაკის სახელით ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში და თასის გათამაშებაზე, ამიერკავკასიისა და სხვა და სხვა ზონების შეჯიბრებებში მონაწილეობდა. საბჭოთა პერიოდში ცხინვალის სპარტაკის საუკეთესო სეზონი 1987 წლით თარიღდება – ცხინვალელმა ფეხბურთელებმა საქართველოს საბჭოთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულეს, სპარტაკმა ფინალურ შეხვედრაში ოზურგეთის მერცხალს  1:0 სძლია. საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთი ჩემპიონატებში ცხინვალის კლუბი თავდაპირველად (1990–2003 წლებში) ლიახვის სახელით ასპარეზობდა, 2003–2007 წლებში გუნდი ცხინვალის სახელით გამოდიოდა. 2007 წლიდან კი გუნდს კვლავ სპარტაკი ეწოდება. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ცხინვალის სპარტაკისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2009-10 წლების სეზონი გამოდგა, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზა.

სამაჩაბლოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, გუნდმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და საშინაო შეხვედრებს ცხინვალის ნაცვლად გორში ატარებდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა ცხინვალის სპარტაკმა მიმდინარე სეზონის საშინაო შეხვედრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა.

 

მწვრთნელი და სპარტაკი

ცხინვალის სპარტაკის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2011 წლის შემდეგ ვლადიმერ ხაჩიძე მუშაობდა. გუნდმა მიმდინარე სეზონი სწორედ მისი თავკაცობით დაიწყო,  თუმცა კლუბში მომხდარი ცვლილებების შემდეგ, ცხინვალის სპარტაკის მთავარ მწვრთნელად კახი კაჭარავა დაინიშნა. მისი თავკაცობით გუნდმა 3 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გამარჯვებით დაასრულა, 1 თამაშში კი დამარცხდა.

დინამომდე...

მას შემდეგ, რაც დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა ცხინვალის სპარტაკი 2:0 დაამარცხა, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უმაღლეს ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც გუნდმა 3 შეხვედრა გამარჯვებით, ერთი კი ფრედ დაასრულა, 4 შეხვედრაში სპარტაკი დამარცხდა. ახალი მწვრთნელის, კახი კაჭავარას გუნდში მისვლის შემდეგ, სპარტაკმა სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოისწორა და უშუალო კონკურენტებთან სხვაობა საგრძნობლად შეამცირა.

დინამო VS სპარტაკი

ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და სპარტაკი ერთმანეთს 18–ჯერ დაუპირისპირდნენ 13 მოგება, 4 ფრე და  1 მარცხი. 37 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 10 გოლი – ასეთია დედაქალქელთა მონაგარი.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს დინამოელთაგან გუნდის კაპიტანი, ლევან ხმალაძე გამოტოვებს, რომელმაც გორის დილასთან გამართულ შეხვედრაში მიღებული ყვითელი ბარათის შემდეგ გაფრთხილებების ლიმიტი ამოწურა. ცხინვალის სპარტაკს დისკვალიფიკაციის გამო ლაშა ჩაფიძე დააკლდება, რომელმაც უკანასკნელი ტურის მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

სპარტაკი  VS დინამო  – მსაჯი

დინამო თბილისისა და ცხინვალის სპარტაკის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბაკურ ნინუა განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ბესიკ ჭიჭინაძე და არჩილ კოკაია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს დავით ხარიტონაშვილი შეასრულებს.

 

სპარტაკის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ცხინვალელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ნადირაძე, მგელაძე, ქურდაძე, ჭაფოძე, მეგრელიშვილი, კაკაშვილი, შონია, თუხარელი, მეტრეველი, კილასონია, ფანცხავა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024