• Geo
  • Eng
01.12.2013
სპარტაკი დუბლებმაც დაამარცხეს

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად გამართეს. ჩვენი გუნდი გასვლით მატჩში ცხინვალის სპარტაკის სარეზერვო გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.

 

დინამოელებმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა შეხვედრის დებიუტშივე მოიპოვეს. კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა მეტოქეს თავიდანვე მწვავედ შეუტიეს. ცხინვალის სპარტაკის კართან პირველი რეალური საგოლე მომენტი მეთორმეტე წუთზე შეიქმნა. მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა გიორგი პაპუნაშვილმა ტექნიკური დარტყმით სცადა გოლის გატანა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა სამიზნეს და ზემოდან გადაევლო კარს. მეთვრამეტე წუთზე გიორგი პაპუნაშვილს კიდევ ერთხელ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული სპარტაკის კარს ამჯერადაც ასცდა. შეხვედრის 23-ე წუთზე ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატესობა გატანილ გოლში აისახა. გიორგი პაპუნაშვილის გადაცემის შემდეგ, დინამოელთა ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ ზუსტი და ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი აიღო. დაპირისპირების 30-ე წუთზე დედაქალაქური კლუბის მთავარ მწვრთნელს, კახი გოგიჩაიშვილს, იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია, ტრავიმრებული ალექსანდრე სარიშვილის ნაცვლად თამაშში სანდრო კახნიაშვილი ჩაერთო. პირველი ტაიმის მიწურულს, მატჩის 44-ე წუთზე დინამოელთა თავკაცს კიდევ ერთი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. ტრავმირებული ბუდუ ზივზივაძის ნაცვლად მოედანზე ვანო წილოსანი ვიხილეთ.

 

მეორე ნახევარი დინამომ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო. ტაიმის დებიუტში, 50-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან კარის მიმართულებით არჩილ მესხი დაიძრა, რომელმაც რამდენიმე მეურვე იოლად ჩამოიცილა, ბურთი ვანო წილოსანს გადააწოდა, რომელმაც ძლიერად დაარტყა სპარტაკის კარის მიმართულებით - მასპინძელთა კიპერმა, შოთა გოგიაშვილმა, ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტიდან საჯარიმოში ჩამოწოდებული ბურთი საბა ლობჟანიძემ მეტოქის კარში გადაგზავნა და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა. მატჩის 69-ე წუთზე ჩვენ გუნდს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა საბა ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მეტოქის კარს. მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე დინამოელთა უპირატესობა სოლიდური გახდა. სპარტაკის კარში გატანილი გოლით შეცვლაზე შემოსული თორნიკე მაჭავარიანი გამოირჩა. დინამომ მეტოქე მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.

 

სპარტაკი 0:3 დინამო

გოლები: 0:1 ზივზივაძე 23’

0:2 ლობჟანიძე 51’

0:3 მაჭავარიანი 85’

 

სპარტაკი: გოგიაშვილი (ჩაფიძე 67’), ცერცვაძე, თვალავაძე, შენგელია, მოსიაშვილი, ნანიევი (ჭინჭარაული 59’) (მახაჭაშვილი 65’), გაძაოვი, კაკაშვილი (ხუბეჟოვი 59’), ლაშქარავა, ნარიმანიძე, მაქაცარია (კიკვაძე 60’)

 

დინამო: კულუა, ბაჩიაშვილი (მარაქველიძე 84’), ჯაფიაშვილი, თევზაძე, სამხარაძე, სარიშვილი (კახნიაშვილი 30’), მესხი (მაჭავარიანი 67’), ლობჟანიძე (ველიაშვილი 80’), ზივზივაძე (წილოსანი 44’), პაპუნაშვილი, ვოლკოვი

 

გაფრთხილება: კახნიაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024