4 დეკემბერს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყება და მატჩის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.
დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 22 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 17 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 67:13 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა. დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 2 სექტემბერს ქობულეთში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მინიმალური სხვაობით - 1:2 დამარცხდა. გურიას კარში გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.
P.S. 4 დეკემბერს დინამო თბილისს ერთადერთი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 2011 წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXIII გათამაშების მეთექვსმეტ ტურის მატჩში დინამომ გორის დილას უმასპინძლა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. მეტოქის კარში გოლები კარლეს კოტომ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.