ორჯერადი ვარჯიშები, დიდი ფიზიკური დატვირთვები, აქტიური მზადება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ასეთი რიტმით ცხოვრობს დინამო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში ცხადია ყველა ინტერესით მიადევნებს თვალს მუნდიალის პერიპეტიებს. მსოფლიო პირველობის მსვლელობის დღეებში ახალ რუბრიკას გთავაზობთ - დღის პროგნოზი, რომელშიც დინამოელებს სათამაშო დღის მატჩებზე პროგნოზის გაკეთებას ვთხოვთ.
დღე პირველი. გახსნის მატჩი ბრაზილია - ხორვატია. რუბრიკის პირველი რესპოდენტები- ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველები გიორგი გველესიანი და გიორგი ხიდეშელი იქნებიან. მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრამდე დინამოელებს ცხადია შეკრებაზეც ვკითხეთ.
გიორგი გველესიანი- მთიან რეგიონში ვემზადებით. აქ იდეალური პირობებია ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ თუ ასეთი დატვირთვებით გააგრძელებს გუნდი ვარჯიშს, ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ. იმის მიუხედავად, რომ საწვრთნელი პროცესი პრაქტიკულად მთელი დღის მანძილზე გრძელდება, თითოეული ფეხბურთელი დიდი ინტერესით ელის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას. ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე მთელ რიგ თამაშებს ვერ ვუყურებთ. ცხადია ბრაზალია ფავორიტია, არა მარტო დღევანდელ შეხვედრაში, არამედ მთლიანად ჩემპიონატზეც. ვფიქრობ, ხორვატიაც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. სენსაციების დიდი მოყვარული არ ვარ და არც ის მინდა, რომ ბრაზილიის ნაკრების მრავალრიცხოვან ქომაგს დავწყვიტო გული, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ დღევანდელი თამაში ფრედ დასრულდება.
გიორგი გველესიანი - ბრაზილია - ხორვატია X
გიორგი ხიდეშელი - შეკრებას რაც შეეხება, გუნდთან ერთად ვარჯიში თურქეთში დავიწყე და ჯერ ასი პროცენტით არ ვიტვირთები. ძალიან ნაყოფიერი ფიზიკური ვარჯიშებია. ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემი აზრით ძალიან სანახაობრივი იქნება. ფავორიტებად ბრაზილიას, იტალიას, ესპანეთს და გერმანიას მივიჩნევ. კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, ვფიქრობ მასპინძელი გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიას კარგი გუნდი ჰყავს. პირველი თამაშია, შინ თამაშობენ და ბრაზილიელებს განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ.
გიორგი ხიდეშელი - ბრაზილია - ხორვატია 1